ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, ეროვნული მუზეუმისა და სამეცნიერო ცენტრების თვალსაჩინო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. კონფერენციის თემატიკა სვანეთის ისტორიის, ლინგვისტიკისა და ეთნოგრაფიის საკითხებს მოიცავდა.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მესტიის მუნიციპალიტეტის ანსამბლი „რიჰო“ ეწვია. მათ დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის მშობლიური სოფლის საგალობელი „რიჰო”, ასევე სხვა სვანური ხალხური საგალობლები – „ლილე” და „ჯგირაგი” (წმ. გიორგის სვანური საგალობელი) – შეასრულეს.
ბესარიონ ნიჟარაძე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე (1852-1919), ეთნოლოგი, პუბლიცისტი, და ფოლკლორისტია. აქტიური სასულიერო მოღვაწეობის გარდა (1892 წელს იგი მღვდლად ეკურთხა) იგი თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის ფსევდონიმებით.
წერილებსა და ნარკვევებში ბესარიონ ნიჟარაძე ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. დეკანოზის თხზულებები თავმოყრილია წიგნში „ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები”, რომელიც თარგმნილია გერმანულ და რუსულ ენებზე. ქუთაისში გამოიცა მისი კრებული „სვანური ზღაპრები” (1893). გამოქვეყნებული აქვს, აგრეთვე, სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: „სვანეთის მანუსკრიპტები” („ივერია”, 1903, N194), „სვანეთის ხელნაწერები” („მოამბე”, 1904, N9, 10), „მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა” („ძველი საქართველო”, ტ. II, ტფ., 1911-1913) და სხვ.
კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი დღის განმავლობაში – 28 სექტემბერს უმასპინძლა.
