Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი და საკადრისი საქციელი – ვანო ჩხარტიშვილი მეუფე ზენონზე

მარშალ პრესი 19/11/2022
ვანო ჩხარტიშვილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, სინოდური კომისიის დასკვნის საფუძველზე პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ინფორმაციითვე, მას შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება.

Pia.ge-ს ინფორმაციით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, სასულიერო პირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ებრძვიან.

მისი განცხადებით, არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც აიძულებენ პატრიარქს, რომ ის დიდი ბრიტანეთის ეპარქიას ჩამოაშორონ.

„აქ მიმდინარე პროცესებთან, აი, ამ დესტაბილიზაციასთან, რომელიც ჩემს ეპარქიაში წამოიშვა, კავშირში არიან მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და პროცესში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩართულია ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი“, – განაცხადა მეუფე ზენონმა სატელევიზიო კომენტარში და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს ასევე, ორი დიპლომატი, რომელთა დასახელებისგან მეუფემ თავი შეიკავა.

მისი თქმით, ის ელოდება საპატრიარქოსგან წერილის მიღებას, რის შემდეგაც უფრო ვრცლად ისაუბრებს.

მეუფე ზენონის განცხადებასთან დაკავშირებით Pia.ge ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს დაუკავშირდა. ბიზნესმენი მეუფე ზენონის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს.

ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირის კომენტარით გაკვირვებულია, რადგან მას არანაირი ბერკეტი ან ინტერესი არ გააჩნია დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად:

„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის, რადგან ლონდონში დევნილობისას ჩვენთვის ის იყო სულიერი თავშესაფარი და იქ მყოფ საეკლესიო წრეებთან ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ გაკვირვებული ვარ თუ რატომ თქვა მეუფე ზენონმა ის, რაც თქვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეპარქიისადმი მხარდაჭერისათვის მეუფე ეპარქიის უმაღლესი ორდენით აჯილდოებს ხოლმე ადამიანებს, ხოლო „არდაჭერისთვის“ცილისწამებით.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა – როგორ უნდა დამეჭირა მისთვის მხარი და როგორ უნდა მემოქმედა სინოდის გადაწყვეტილებაზე, ან რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ბერკეტი დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად?! ეს ხომ აბსურდია. ეკლესიის შიდა საქმეებში გარედან ჩარევა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ სფეროში, კარგად იცის, რომ არის შეუძლებელი და ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, სწორედ მას სურს, გარედან მოახდინოს ეკლესიის შიდა პროცესებზე ზეგავლენა. სხვა თუ არაფერი, იგი ამით ჩრდილს აყენებს და შეურაცხყოფს უწმინდესს, წმინდა სინოდს და ქართული ეკლესიის იერარქებს. უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა კი ნამდვილად არ არის მეუფის შესაფერი და საკადრისი საქციელი.

სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როცა არის მცდელობა, ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობები და სიყვარული უწმინდესისადმი, ჩემს წინააღმდეგვე, საკუთარ თავში მოხარშული აბსურდული შეთქმულების თეორიების წონის შესაძენად გამოიყენონ. კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ავადმყოფურ ნარატივებს და ვაცხადებ, რომ უწმინდესის კურთხევით, ჩემს ოჯახს, ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოკრძალებული წვლილი შეაქვს და შეიტანს მომავალშიც ქართული ეკლესიისა და მრევლის მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

მეუფე ზენონი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მთავარეპისკოპოსი დაბარებულია საპატრიარქოში, მაგრამ უცნობია, ჩამოვა თუ არა საქართველოში, ან როდის.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა: თავის უფალი სამშობლო თუ სამშობლო უცხოს სტატუსით? საუკუნეების მანძილზე ამ „ისტორიული შანსის“ მონიჭებას „გვთავაზობდნენ“, დღეს – „დემოკრატიას“
Next: ირაკლი ლატარია: დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, იმ მოლაშვილის, ვინც წლები აწამა წინა სისტემამ და ვინც იყო საჩვენებელი და ჭკუის სასწავლებელი იმათთვის, ვინც არ ემხრობოდა კოლექტიურ მეგის ქარდავებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.