
ამის შემდეგ, როგორ ბედავთ და საკუთარ თავს აძლევთ უფლებას აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე – მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველომ ვერ მიიღო ეს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინსა და მოლდოვაზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა.
“როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? – ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა და მათი დედა პარტიის “ევროპის სახალხო პარტიის” უმრავლესობა და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე 2 კვირით ადრე, მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირი მიზეზი მიართვეს ლანგრით, სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთან ჯგუფებს და ა.შ. იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო და გამოეყოთ ამ ჯგუფიდან.
და მითუმეტეს, რომელი ქვეყანა? – {საქართველო} რომელიც ათი თავით უსწრებს გნებავთ უკრაინას და გნებავთ მოლდოვას. აი ამას რა ჰქვია მითხარით, თუ არა ღალატი, ბატონო გიორგი {ვაშაძე} თუარა საბოტაჟი თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე. ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი, დიქტატორული რეჟიმისა და სისტემის, რომელიც აუპატიურებდა, აწამებდა და კლავდა ადამიანებს. ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, ოლიგარქი, თქვენი მთავარი ფორმალური, თუ არაფორმალური მმართველი, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონრები გაძარცვა” – მიმართა პრემიერმა გიორგი ვაშაძეს.