საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე – სრული ვერსია

194
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს მიმართა.

პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდებას გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ იზიარებს ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის არის და იქნება მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში საქართველოს ჩართულობაზე, ასევე რეგიონში გაწეული მედიაციის შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად სამხრეთ კავკასიაში ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლას ერთი მიზანი აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

გთავაზობთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტს:

„ქართველი ხალხის სახელით მაქვს პატივი, მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. ყველა წევრ სახელმწიფოს ეძლევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ეს პლატფორმა საკუთარი წუხილის გასაზიარებლად და მოსაზრებების გამოსახატად ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.

დღეს, თანამშრომლობისა და გლობალური ჩართულობის ჩვეული ქართული სულისკვეთება შემომაქვს, რაც ჩვენს ქვეყანას ამოძრავებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, ოცდაათი წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება ახალგაზრდა იყოს, თუმცა ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული პოტენციალის საჩვენებლად.

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და ჩრდილოეთი სამხრეთს – ჩვენ ყოველთვის ვუსწორებდით თვალს ახალ გამოწვევებს – ყოველ ცალკეულ ჯერზე ჩვენი წარსულის განმავლობაში.

მივესალმები გაერთიანებული ერების გადაწყვეტილებას გენერალური ასამბლეის ჩატარების შესახებ ამ ნამდვილად გლობალური პანდემიის პირობებში. სხდომის ჩატარებისგან თავის შეკავების ნაცვლად, ყველამ გავაცნობიერეთ, რომ უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი შეკრება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ამ შეხვედრის მნიშვნელობა უდავოდ დიდია. სამყარო კვლავ შეუპოვრად იბრძვის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც შეარყია მსოფლიო, არ დაინდო ეკონომიკა და ადამიანთა სიცოცხლე.

ძალისხმევას არ ვიშურებთ პანდემიიდან უკეთეს მდგომარეობაში გამოსვლისთვის ერთობის ახლებური გააზრებით, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ მსოფლიოს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.

საქართველო დიდად მადლობელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ჩინეთის, ისევე როგორც ვაქცინების მწარმოებლებისადმი, რომლებმაც მოგვაწოდეს მარაგები ქართველი ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად.

საერთო მიზნისთვის მუშაობის გზით დავასრულებთ პანდემიას და დავუბრუნდებით მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი, ნათელი მომავლის შენებას.

თქვენს წინაშე ვდგავარ და წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც სრული მზაობა და რწმენა გააჩნია; ქვეყანას, რომელიც ოპტიმისტია, მაგრამ მომავალს ყოველთვის პრაგმატული ლინზების პრიზმაში უყურებს.

ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის. ასევე ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმით უფრო ძლიერი დემოკრატიის, მეტად ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩემს მთავრობას განვითარების გეგმა, დეტალური ხედვა აქვს გაწერილი 2030 წლამდე, რაც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლამდე გაწერილ დღის წესრიგს.

ჩვენ ვემხრობით მდგრადი განვითარების, ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის, მეტი ეკონომიკური სამართლიანობისა და გამძლეობის იდეას; ვემხრობით ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლებას. ბევრ სხვა მისწრაფებასთან ერთად ეს იდეები საერთო აქვთ საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

თანამშრომლობისკენ მოწოდება ჯეროვნად ეხმიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგარიშს საერთო დღის წესრიგის შესახებ, რომელშიც გაწერილია საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალმხრივობის იდეის გამოცოცხლების ამბიციური გეგმა.

მიმაჩნია, რომ ამ გენერალურმა ასამბლეამ უნდა იმუშაოს ამ რეკომენდაციებზე მიზანსწრაფული და არსებითი გზით.

დავუბრუნდები ჩემი ქვეყნის თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღწვით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს.

ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი ვართ მსოფლიოში.

მსოფლიო განაგრძობს ჩვენი დემოკრატიული, ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას.

რამდენიმე მნიშვნელოვანი რეიტინგი ცხადყოფს, რომ საქართველომ თვალსაჩინო წინსვლას მიაღწია, რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად რომ ქცეულიყო და ძლიერი ეკონომიკური განვითარება ჰქონოდა.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით;

ეკონომიკური თავისუფლების საზომით, „ჰერითიჯის ფონდის” ინდექსში საქართველოს მე-12 ადგილი უკავია 184 ქვეყანას შორის;

„ფრეიზერის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა 165 ქვეყანას შორის. აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი საფეხურით დავწინაურდით.

ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დიდი წინსვლა გვაქვს ანტიკორუფციული ზომების განხორციელების, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

კვირის დასაწყისში შევიტყვეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდების შესახებ – გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად. საქართველოში არა მხოლოდ ვიზიარებთ ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

შეიძლება, პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში.

ახლახან, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყვეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას, თან მრავალი გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელი მივიღეთ დროებით საქართველოდან მუშაობის გასაგრძელებლად.

ეს ქმედებები ცხადყოფს ჩვენი პარტნიორებიდან მომდინარე თანამშრომლობის თხოვნას როგორ ვპასუხობთ და რა შედეგი მოაქვს ერთად მუშაობას.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველომ საფუძველი შეუქმნა აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას. ამავდროულად, სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გაუზიარა.

ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება რაც ჩვენს შესაძლებლობებშია.

ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე.

ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს.

ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით. ეს ფუძემდებლური ფასეულობები საერთო გვაქვს ევროპულ ინსტიტუტებთან.

ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა გვაქვს მომზადებული, რომელშიც მრავლად არის ისეთი ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს.

ამისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს მთელი ამ წლების განმავლობაში.

2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები ექვსჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული. პრინციპში, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები გველის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დემოკრატიული წესწყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეტევის წინაშე.

ირაციონალური და მე ვიტყოდი, ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არა აქვს – ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ. არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს.

თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს – ხალხის ნების დამორჩილება.

თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების არსს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

ამიტომ, დღეს დემოკრატიის, წინსვლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ყველა აქ შეკრებილ ქომაგს მოგიწოდებთ, რომ მთელი გულით მიიღოთ მონაწილეობა თქვენს პოლიტიკურ სისტემაში. როდესაც ვნებები დაცხრება და გამარჯვებული გამოცხადდება, პატივი ვცეთ ხალხის ნებას, დავივიწყოთ განსხვავებები და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

დემოკრატიის გამოწვევა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. საქართველოში ბევრს მივაღწიეთ, თუმცა ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ჩვენი უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

ამავდროულად, ერთგულნი უნდა დავრჩეთ განათლებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების იდეისადმი; აღმოვფხვრათ სიღარიბე; გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა და მოვახდინოთ ჩვენი სამრეწველო, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის სექტორების დივერსიფიკაცია.

როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.

ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ.

ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია.

წელს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იქნა მიჩნეული საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპანტად და რეალური კონტროლის მქონედ. სწორედ მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

დღეს აქედან მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას – ერთობლივად ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირებით; ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია.

ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ. ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშიც იგივე შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები გვინდა არსებობდეს; ახალგაზრდებისთვის კეთილდღეობა გვინდა.

სწორედ ამ მიზეზით, შევიმუშავეთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხალხს გაუუმჯობესებს ცხოვრების დონეს.

გვწამს, რომ მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა უკეთესი მომავლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში იწყებს ეკონომიკა აყვავებას, ხოლო ჩვენი ხალხი კეთილდღეობაში თანაცხოვრებას.

სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება.

ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ერთი სამშობლოს – საქართველოს – ნაწილი ვართ. ამიტომ, ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალიც. ერთად და მშვიდობიანად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რათა ის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, აყვავებულ და მომავალზე ორიენტირებულ, ევროპულ საზოგადოებად იქცეს.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკროსამყარო: მე ვიტყოდი თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა.

ამიტომ, ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას” ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, ჩვენი ძმები და საერთაშორისო პარტნიორები.

მოდით, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ ნდობის შენება და შემდეგ გადავიდეთ სხვა რეგიონალური და გლობალური საკითხების გადაჭრაზე.

მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

ძვირფასო მეგობრებო, მინდა, ჩემი გამოსვლა დავასრულო, რითაც დავიწყე: აქ კოლექტიური საქმის კეთების სულისკვეთებით შევიკრიბეთ.

ახალ კორონავირუსთან ბრძლისთვის იქნება, თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განვითარების დასაფინანსებლად ან მშვიდობის შესანარჩუნებლად, კოლექტიური ქმედების საჭიროების ნიშნად, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ერთად ვიცხოვროთ.

სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით წარმატებულები ვიქნებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება