„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე „ფორმულას“ ეთერში ამავე პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამომრჩევლისგან სამართლიანი კრიტიკა მოდიოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე „ფორმულას“ ეთერში ამავე პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამომრჩევლისგან სამართლიანი კრიტიკა მოდიოდა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა მოდიოდა, რომ რაღაცას ისე ვერ გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
„მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მომთხოვნი ამომრჩეველი და კარგია, რომ ჩვენს ამომრჩეველს აქვს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები. იმიტომ რომ ეს პარტია მიჩვეულია ბრძოლას, მოძრაობას და ამ პარტიას უყვარს აქტიური ადამიანები და პროცესები.
ჩვენ ვხედავდით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა მოდიოდა, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდით და ვერ ვაკეთებთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის.
როდესაც გულწრფელი, სამართლიანი პროტესტი ჩნდება შენი ამომრჩევლების მხრიდან, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის ახალი ლეგიტიმაცია და შიდა პარტიული არჩევნები. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან ამ პროცესებთან დაკავშირებით, ლიდერები ან ე.წ. ერთი მხარე ან მეორე მხარე, რომელიც სინამდვილეში ერთი მხარე ვართ და ერთი მიზანი გვაქვს, მთავარია, რას ფიქრობს ჩვენი ამომრჩეველი და ამ პარტიას ჰყავს ასობით ათასი ამომრჩეველი და მთავარი მათი მოსაზრებაა. ამიტომ, მათი ფაქტორი ყოველთვის არის და იქნება გადამწყვეტი ამ პარტიაში“, – აცხადებს ნადირაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ლევან ხაბეიშვილის რა რესურსი, რა უნარები აქვს ისეთი, რომლის ნაკლოვანებამაც ნიკა მელიას ვერ მიაღწევინა იმ შედეგისთვის, რა დაკვეთაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერის მიმართ ჰქონდათ? ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ამ პარტიას დღეს მეტი მებრძოლი ადამიანი სჭირდება და სწორედ ასეთია ლევან ხაბეიშვილი.
„ლევან ხაბეიშვილი არის ჩემი მეგობარი და ამდენი წელი ვიბრძოდით ერთად. ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით თავდაუზოგავად ებრძოდა ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ, კრიმინალურ მოღალატეობრივ, ავტორიტარულ რეჟიმს.
მისი როლი და დამსახურება ამ პარტიის წინაშე არის ძალიან დიდი. ამ ადამიანს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ამომრჩეველი არის ძალიან მომთხოვნი და როდესაც პარტიის განვითარდება აღარ ხდება რაღაც ეტაპზე იმ ტემპით, როგორიც საჭიროა, ამომრჩეველი გვთხოვს კიდევ უფრო მეტს. ამ პარტიას დღეს მეტი მებრძოლი ადამიანი სჭირდება, მეტი ლიდერი და მეტი აქტიურობა. ამ ადამიანს ეს არ აკლია. ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეს ადამიანი ყელში ჰყავს გაჩხერილი, ვერც მოისყიდეს, ვერც დააშინეს“, – დასძინა ირაკლი ნადირაძემ.
