
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები. ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და შესთავაზა გიორგი ჩალაძეს, შტაბს უხელმძღვანელოს.
„ასევე მინდა, გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში აკეთებს ყველაფერს, შევთავაზო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა, პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.