გია ვოლსკი – სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორია, ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში

246
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩს ბრიუსელში დაელაპარაკონ, აბსოლუტურად ნორმალურია.

ვოლსკის თქმით, მისთვის გაუგებარია ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ხისტი განცხადება.

„ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს დაელაპარაკონ ამ საკითხებზე, აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან და რა წარმოშობისაა ის მასალები, რომლებსაც ასე ძალიმად აფრიალებდნენ ჩვენი ოპონენტები მედიასაშუალებებში.

ეს რეალობა დამატებით შეკითხვებს წარმოშობს და შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. საზოგადოება დაცულად უნდა გრძნობდეს თავს როგორც ფარული მოსმენებისგან, ასევე ნებისმიერი სხვა მოქმედებისგან, რომლისგანაც ჩვენ ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს, ეს გარე გამოწვევებია თუ შიდაგამოწვევები. ჩვენი სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორია, რასაც ძალიმად ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბებულია და ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ევროკავშირთან ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება.

„არა. ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბებულია. ეს ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანასთან ურთიერთობაა, რომელთანაც შეიძლება პრეტენზია რაღაც საკითხებზე გააჩნდეს, კამათი ჰქონდეს და აზრთა სხვადასხვაობა. გაცილებით მძიმე დაპირისპირება ვიცით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე როგორც შიდადაპირისპირებები ქვეყნებს შორის. საქართველომ ევროკავშირის სისტემაში პოზიციები მოიმძლავრა და 2024 წლიდან უკვე განაცხადსაც გააკეთებს სრულფასოვან წევრობაზე

როდესაც დაბარებული ელჩი მიდის კონკრეტულ საკითხებზე სამსჯელოდ, იქ არ არის ისეთი ვითარება, როგორც გარკვეულ პირებს და მათ რუპორ მედიასაშუალებებს უნდათ, წარმოაჩინონ. საუბარი არის საქმიანი, ორმხრივი და ეს არ არის შენიშვნებზე პასუხების გაცემის ფორმატი. ეს საკმაოდ ინტენსიური განხილვის ფორმატია. ასე რომ, ნუ ველოდებით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები გაფუჭდება, მით უმეტეს ამას სიხარულით ნუ ელოდებიან. ყველაფერს აკეთებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომ ხინჯი შეიტანონ ამ ურთიერთობებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

საკითხის ირგვლივ საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება