პოლიციაში არ გინდა მუშაობა ბიჭოო? ოჯახი ხომ გყავსო – რა მოხდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს

732
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი იქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მოწმე დაიკითხა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხული მოწმის, ყოფილი პატრულ-ინსპექტორის ჩვენების მიხედვით, მის მიერ მანქანის შემოწმებისას, იარაღი ავტომობილში არ ყოფილა.

მოწმემ სასამართლო სხდომაზე მოყვა, რა მოხდა 2004 წლის 23 და 24 ნოემბერს. როგორ გააჩერეს ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები ისხდნენ და როგორ განვითარდა მოვლენები. ასევე, დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების შემდეგ, როგორ გაიგო გასროლის ხმა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ პატრულ-ინსპექტორის მხრიდან მოხდა. ასევე, მოწმემ გაიხსენა, რომ როდესაც მან ავტომანქანა დაათვალიერა, იქ იარაღი არ იყო, თუმცა ცოტა ხანში გაიგო, რომ მანქანაში კალაშნიკოვის ტიპის იარაღი იდო.

ამ საქმეზე გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, როდესაც მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. გამოძიება კი პროკურატურაში სწორედ ამ მიმართულებით წარმოებდა.

„23 ნოემბერს მე და ჩემი მეწყვილე გავედით სამუშაოდ ჩვენს ტერიტორიაზე. დაახლოებით, საღამოს ექვსიდან შვიდ საათამდე გადმოგვცეს ინფორმაცია, რომ მეტრო წერეთელთან არის ავტოსაგზაო შემთხვევა. მივედით და ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო. ვიკითხეთ რა მოხდა, ერთი ახალგაზრდა სცემესო და გადაყვანილია კლინიკაშიო. გავარკვიეთ „ბეემვეს“ ნომერი და გადავეცით რადიოსადგურს დაკავებაზე. ჩვენ გავაგრძელეთ ჩვეულებრივად პატრულირება და ღამის ორი საათიდან სამ საათამდე წერეთლის გამზირზე მივდიოდით სტადიონის მიმართულებით. აღნიშნულმა ავტომანქანამ გადაგვისწრო და გავაჩერეთ ეს მანქანა. დაემორჩილა ავტომანქანა ჩვენს მოწოდებას, რომ გაჩერდა ავტომანქანა, გადავიდა ჩემი მეწყვილე და მარცხენა მხრიდან გადმოდის მძღოლი, მერე გაიღო უკანა კარები, გადმოვიდა ორი. მერე მეც გადავედი. მივესალმეთ ერთმანეთს და მივულოცეთ გიორგობა, იქიდან ერთ-ერთი მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე. ვკითხეთ, თქვენ სცემეთ პიროვნება, რომელიც წევს მიხაილოვში? იმათმა უარყვეს. აგრესია გამოიხატებოდა. მერე ცოტა შეხლა-შემოხლა წავიდა, რატომ გვაჩერებთო. შემდეგ დაუძახა ეკიპაჟს მეწყვილემ, სადაც ლევან ლობჟანიძე და გიორგი ბაშალეიშვილი ისხდნენ. ხუთ წუთში მოვიდნენ ესენი. ხელებაწეულები იყვნენ ეს ბიჭები, ჩვენ ვუთხარით და დაგვემორჩილნენ. ის ეკიპაჟი რომ მოვიდა, მე გადავედი სკოლის მხარეს. ცოტა ხანში გავიგონეთ გასროლის ხმა. მივედით, ვიკითხეთ რა მოხდა, გამივარდა იარაღიო, როგორც თვითონ მითხრა. იქ მოვიდნენ ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ზურაბ მიქაძე, გურამ დონაძე იყო, ფირცხალავა. თანამშრომელი იყო კიდე ბევრი. ბაშალეიშვილს და ლობჟანიძეს ჰქონდათ ვიდეოგადაღება, მაგრამ არ ვიცით იღებდნენ თუ არა. ჩავუტარეთ დათვალიერება, მანქანაში შევიხედეთ არაფერი ისეთი არ იყო, მერე ვიღაცამ თქვა, რომ დევს კალაშნიკოვის იარაღიო, ჩავიხედე და მართლაც იდო, მანამდე ჩავიხედე, არ იყო. გამიკვირდა, ავტომატი იდო. მერე მე გავაგრძელე ტერიტორიის დაცვა. როგორც შემდეგ გავარკვიე, გასროლის დროს დაშავდა რობაქიძე. მიქაძემ მითხრა, განყოფილებაში რომ მიხვალთ, რასაც გეტყვიან ჩაწერეთ ისეო. სიმართლის მოყოლა დავიწყე და გამაჩერეს, საპატრულო პოლიციაში არ გინდა მუშაობა ბიჭოო? ოჯახი ხომ გყავსო. იმ ულვაშიანმა კაცმა დამაწერინა, რომ ჩვენ გავაჩერეთ მანქანა, გადმოვიდა ბუტა რობაქიძე და ისროლა ჩვენი მიმართულებით, შემდეგ ჩვენც ვისროლეთ, რასაც მეუბნებოდნენ იმას ვწერდი“, – განაცხადა მოწმემ.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატიამბობს, რომ მას არა აქვს არანაირი ინფორმაცია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით. ადვოკატის შეფასებით, ამ მოწმის ჩვენება ოქრუაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან კავშირში არაა, თუმცა ბრალდების მხარე განმარტავს, რომ უშუალოდ პატრულ ინსპექტორს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირთა ბრძანებები რანგით არ ეცოდინებოდათ და ის, ვინც მსგავსი დავალებები მიიღეს უკვე გამოიკითხნენ პროცესზე და დაადასტურეს შსს-ს მაშინდელი მინისტრის მხრიდან ბრძანება“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება