ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას

272
წაკითხვა/ნახვა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. გადაწყვეტილება კი სასამართლომ, არხის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის საფუძველზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

,კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, დ.დვალსა და ჯ.აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას.

აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს.”– ნათქვამია კახა კოჟორიძის განცხადებაში.

კომენტარები
გაზიარება