დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა

245
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

თბილისის განვითარების ახალი მთავარი გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე სივრცე შეიქმნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას  გარემოსდაცვით გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება და განვითარება მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისა და გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

„გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული ზონების, სპორტული მოედნების,  მწვანე სივრცეების ხარჯზე, სხვადასხვა რაიონსა და უბანში, მშენებლობები ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანი მიდგომაა ასევე ისიც, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები და მოვუაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მწვანე სივრცეების აუცილებლობასა და ახალი გენერალური გეგმის თანახმად განხორციელებულ აქტივობებზე დეტალურად დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით,  გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ხუთი მასშტაბური საპარკე არეალი შეიქმნა, ხოლო ერთ მილიონ კვ. მეტრ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების ბალანსი. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 1 000 000 კვ. მეტრ ტერიტორიას მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება და ქალაქს მეტი მწვანე სივრცე ექნება. ეს არის სრულიად ახალი არეალები, რომელიც გენერალური გეგმითაა განსაზღვრული: საქალაქო პარკი  მტკვრის ჭალებში –  135 ჰა ფართობი, დირსი ჭალის პარკი – 11 ჰა, ვაზისუბნის პარკი – 25 ჰა, დიღმის ჭალების პარკი -15 ჰა, ზღვისუბნის პარკი – 24 ჰა.  ამ პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ისინი მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს.  აღნიშნული პროექტების ნაწილი დავიწყეთ, ნაწილს ვაგრძელებთ და დეტალურად გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, 1 400 ჰა ტერიტორიას მიენიჭა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ხოლო 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას სატყეო ზონა დაედო.

„ამასთან,  1 400 ჰა ტერიტორიას  მივანიჭეთ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა.  ეს არის მწვანე სივრცე, რომელიც დაჰყურებს თბილისს და რომელიც მომავალში განაშენიანებისგან დავიცავით. ახალი გენერალური გეგმით, 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას დაედო სატყეო ზონა. ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას წარმოადგენს, სადაც ყოველგვარი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება