ამ ევროპარლამენტარებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და რეზოლუციის ტექსტში ჩასწორებების შეტანაც ამ ყველაფერს უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პირველადი ტექსტი, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის, რომელიც მომზადდა, არის დაბალანსებული და ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ ამ რეზოლუციაშიც. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც წინა წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, რომ ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. ამ ანგარიშში ერთ-ერთი შესწორება უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რამენაირად ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა ჩვენ და საზოგადოებას გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ვერანაირი ასეთი მცდელობა ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ კავშირზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ ევროპარლამენტარებს შორისაა, რომლებიც ასოცირების შეთანხმების წლიურ ანგარიშში ჩასწორებების შეტანას ითხოვენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის გარეთ არ ჰყავს მოკავშირეები. ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მოკავშირეები და გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ ამაში. ისინი „ნაცმოძრაობის“ არანაირი ლობისტები არ არიან. მსგავსი რესურსი „ნაცმოძრაობას“ არ აქვს ისე, რომ საგარეო ფრონტზე ასეთ დონეზე იმუშაონ. რეალურად ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები. უფრო მეტად, „ნაცმოძრაობაა“ ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე პირიქით. ეს არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომლის წარმომადგენლებიც არიან ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რომელიც დღეს სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება. ჩვენ გვაქვს ამის საპირისპირო მიზანი და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი დღეს განიხილავს.
ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების მიერ გუშინ გარკვეული შესწორებები გაჩნდა.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და...