კახა კალაძე: განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა

147
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის დროს ნაძალადევის რაიონის პრობლემებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

„პირველ რიგში, მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, რადგან თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დღევანდელ მოცემულობაში უმთავრესია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვებრძოლოთ ამ ვერაგ მტერს ვაქცინაციით, რომლის დამარცხების ერთადერთ გზად სწორედ ვაქცინა რჩება. ჩვენი შეხვედრების ამგვარ ფორმატში გამართვის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ხალხმრავალი შეხვედრები. შეხვედრები ცხადია გრძელდება, თუმცა, აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მაქსიმალურად დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველა რაიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, დედაქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.

„მეგობრებო, ხედავთ ალბათ როგორ შეიცვალა ჩვენი ქალაქი, რამდენი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მართლაც მეამაყება ბევრი განხორციელებული პროექტი, მაგრამ განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა, როგორ არის გადავსებული პარკები და სკვერები ყველა ასაკის ადამიანებით. მიხარია, როდესაც ვხედავ ახალგაზრდებს სპორტულ მოედნებზე, სკეიტ პარკებში და დღეს მათ ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ. სწორედ მათი ჯანსაღი მომავალი არის გარანტი ჩვენი ხვალინდელი დღის. ამიტომ, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, გავაკეთეთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, რათა მათ იცხოვრონ ქალაქში, სადაც ბედნიერი იქნებიან. გპირდებით, მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს ვიშრომებთ მათი მომავლისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, მუშაობას კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს, რათა ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„ცხადია, მე არ ვარ ჯადოქარი და არც ჯადოსნური ჯოხი მაქვს, ერთი ხელის აქნევით რომ მოვაგვარო პრობლემები და დავძლიო გამოწვევები, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქალაქში განხორციელებული პროექტები იყოს ყველასთვის თვალშისაცემი და ხელშესახები. ამისთვის მჭირდება პროფესიონალთა გუნდი საკრებულოში და რაც მთავარია, გვჭირდება თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. 2021 წლის არჩევნები თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის არჩევანი დედაქალაქის შეუქცევად განვითარებას, ან სტაგნაციასა და ქაოსს შორის. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და სწორედ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ხვალინდელ თბილისზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც ამავე რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება