ირაკლი კობახიძე საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სრულ აბსურდს უწოდებს

227
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„სრული აბსურდი“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს იმას, რაც 5 წლის წინ თავად გააკეთა.

„ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს, ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი სახელი შეიტანა. მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით, არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს. როდესაც 3 თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე არც კანონის მიღების პროცესში და არც მისი მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, არაფერს ამბობ და შემდეგ, ამ კანონს, ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე აპროტესტებ, ეს ფაქტი სარჩელის უკან მდგარ, უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე, ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს. მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სარჩელის აბსურდულობაში დასარწმუნებლად, დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის ზედაპირულად გაცნობაც კი საკმარისია.

„როგორს ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ პრაქტიკით, ვერ, ან რაც უფრო სავარაუდოა, არ დაინტერესდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება