კახა კუჭავამ და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს

122
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რათა 2024 წლის განაცხადი გახდეს არა მხოლოდ რეალური, არამედ, რეალურად აღსრულებადი. ამიტომ, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. არ გვისაუბრია დეტალებზე განვლილ მოვლენებთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ არის ვიცეპრეზიდენტი ამ საკითხებზე ინფორმირებული. ვისაუბრეთ, რა არის ხვალინდელი გზა – შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების გზა, დიალოგის სისრულეში მოყვანა, იმ ვალდებულებების შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია, იმ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში, რის ნიშნებიც ნამდვილად არსებობს. მომავალი სამიტი, სადაც საქართველოს საკითხებიც იქნება განხილული, პირველ რიგში, ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი და არა უბრალოდ ადრე თუ გვიან წევრობაზე საუბარი. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რომლის შესახებ აუცილებლად გვექნება მხარდაჭერა“,– განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

კომენტარები
მოწონება