ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმებს გააგრძელებს

147
წაკითხვა/ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმებს გააგრძელებს. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების შტაბბინაში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დირექტივა ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმების გაგრძელებაა. ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს კარგად მოქმედებენ. დღეს განადგურებულია „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი მეთაური, ჩვენ დავარტყით „ჰამასის“ საზღვაო დანაყოფს და ვაგრძელებთ დარტყმებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას ისე, როგორც აუცილებელია ისრაელის ყველა მცხოვრებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ესკალაციას გასული კვირის დასაწყისიდან ისრაელში ათი ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, ღაზას სექტორში გარდაცვლილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაპირისპირების დაწყებიდან ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით სამი ათასამდე რაკეტა გაუშვეს.

კომენტარები
მოწონება