ირაკლი კობახიძე ქარელში მომხდარ ინციდენტზე: ასეთი პროვოკაციებით ისინი ეცდებიან ხელოვნურად შექმნან დაძაბულობის განცდა

245
წაკითხვა/ნახვა
mpn

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ჟურნალისტის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის გამო დაშავდა ოპერატორი და იმედი მაქვს, რომ ეს დაზიანება არ არის მძიმე. ყოველ შემთხვევაში, აქამდე რაც გვაქვს ინფორმაცია, არის გარკვეული ეჭვი მოტეხილობასთან დაკავშორებით, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ტარდება გამოკვლევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ამ ფაქტით დაინტერესებულია და ეს საკითხი ყურადღების ქვეშ იქნება.

„თუმცა რაც მოხდა, არის რეალურად მძიმე თავისი პროვოკაციით და თავისი გაფორმებით. გაფორმებას რაც შეეხება, გაავრცელეს ასეთი ინფორმაცია, თითქოს მეორე სართულიდან გადააგდეს ოპერატორი და ის იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ წინადადებაში იყო რამდენიმე ტყუილი: ერთი, რომ მეორე სართულიდან გადაგდებაზე იყო საუბარი. სინამდვილეში კონკრეტული ჟურნალისტი მივიდა ქარელის ოფისში და იმ დროს, როდესაც ხდებოდა გადაღება, მოაჯირზე წონასწორობა ვერ შეინარჩუნა ოპერატორმა და გადავარდა, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული ჩანაწერებიც იქნება გამოქვეყნებული. აღარ არის მე-20 საუკუნე და კასეტებზე არავინ იწერს, არის ჩვეულებრივი ჩიპი, სადაც იწერება ყველაფერი და ეს ჩიპი გამოქვეყნებული იყო, მაგრამ არა ბოლომდე. თუ რამე იშლება, იშლება ან სრულად ან საერთოდ არ იშლება. მათ დადეს კონკრეტული ჩანაწერი, სადაც არ აჩვენეს შეგნებულად ის მომენტი, როდესაც ოპერატორმა დაკარგა წონასწორობა და გამოვარდა მოაჯირიდან და არა მეორე სართულიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მშვიდი გარემოა და ასეთი პროვოკაციებით ისინი ეცდებიან ხელოვნურად შექმნან დაძაბულობის განცდა.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები
mpn
მოწონება