მეუფე შიო: სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური. სიყვარული კი ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია დამდაბლება

სიმდაბლე ავლენს, წარმოაჩენს სიყვარულს და მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმიდის მადლი. სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური. სიყვარული კი ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია დამდაბლება, როდესაც მან იცის, რა არის სიმდაბლე, ხოლო აი, ეს სიყვარული და სიმდაბლე მოიხვეჭება საღმრთო მადლით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა სიმდაბლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა თავმდაბლობით საღვთო მადლი.

„დღეს ურწმუნო, არაქრისტიანული სამყარო სიმდაბლის ცნებას, სამწუხაროდ, შეურაცხყოფს. იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი და ბევრი მიღწევა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ თუ იგი არ სწავლობს და არ იმეცნებს სულიერ კანონებს, მიუხედავად მისი მიღწევებისა, იგი სულიერ კანონებსა და სულიერი ცხოვრების კანონებში ვერ ერკვევა. მას არაფერი გაეგება. ამიტომ ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს სიმდაბლეს, რაოდენ მაცხოვნებელია ის ადამიანისთვის და რომ სწორედ ეს არის საუკეთესო ნიადაგი ღვთის სიტყვისთვის, რომელსაც შეუძლია, გამოიღოს არა მარტო ყლორტი, არამედ კეთილი ნაყოფიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ არის, რომ სიმდაბლე მოიზიდავს ღვთის მადლს? – იმიტომ, რომ სიმდაბლე გამოავლენს, წარმოაჩენს, ხსნის ჩვენში ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი არის ადამიანში. თქვენ იცით, რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და, შესაბამისად, საკუთარ თავში ატარებს ყველაზე აღმატებულს და ყველაზე წმინდას, როგორც ღვთის ხატება. შესაბამისად, თუ ღმერთი სიყვარულია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანიც თავის საუკეთესო გამოვლინებაშიც არის სიყვარულის. ეს სიმდაბლე ავლენს, წარმოაჩენს ამ სიყვარულს და მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმიდის მადლი. სიმდაბლისა და სიყვარულის გარეშე ადამიანის ცხოვრება აღარ არის ადამიანური. სიყვარული კი ადამიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია დამდაბლება, როდესაც მან იცის, რა არის სიმდაბლე, ხოლო აი, ეს სიყვარული და სიმდაბლე მოიხვეჭება საღვთო მადლით, რომელზეც დღეს პეტრე მოციქული საუბრობს: „შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“.

აი, ასეთი საოცარი იგავია დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, და ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ეს საღვთო მადლი, გაგვაძლიეროს ამ მადლმა, რომ ჩვენ შევიგნოთ, გავიგოთ, თუ რა არის სიმდაბლის მნიშვნელობა, რამდენად მაცხონებელია ის ჩვენთვის და მოგვცეს მადლი, რომ ჩვენ მივისწრაფოდეთ სიმდაბლის მოსახვეჭად, ვიცხოვროთ სიმდაბლით, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი კეთილი ნიადაგი, რომელიც მოიღებს ამ საღვთო თესლს და გამოიღებს საუკეთესო ნაყოფს, სულის ნაყოფს.

რა არის ეს სულის ნაყოფი? – ამის შესახებ გვმოძღვრავს ასევე მოციქული. ხომ გახსოვთ მისი ცნობილი სიტყვები, იგი ამბობს, რომ ნაყოფი სულისა არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, მყუდროება და ა.შ.

აი, ეს სათნოება უნდა გამოიღოს ადამიანის სულმა, ეს არის კეთილი ნაყოფი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ნამდვილი ქრისტიანები და გავახაროთ მამაჩვენი ზეციერი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე“, – გნაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება