დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამე დარჩებიან – შინაგან საქმეთა მინისტრი

251
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

ამასთან შს მინისტრმა განმარტა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგდნენ. „რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება.

ჩვენ პოლიციურ ძალებს ვტოვებთ რაღაც მასშტაბით, დამატებითი ძალები დარჩებიან რა თქმა უნდა და იქნება კონტროლი. ასპროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად.

მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს, ყველა ჩართული იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი, ასევე მეუფეები იყვნენ ჩართულები, დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა გომელაურმა.

ამ დროისათვის დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება