ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი სწავლის დაწყებისა და ტრანსპორტის გახსნის პირობებში რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს

253
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ ახლოვდება ის პერიოდი, როდესაც ტრანსპორტის გახსნისა და სწავლის დაწყების გამო ქვეყანაში აქტიური სოციალური კონტაქტების რაოდენობა მოიმატებს და, შესაბამისად, ინფექციის გავრცელებაც შეიძლება გაიზარდოს.

„ერთადერთი გამოსავალი და პრევენციული ღონისძიება კვლავ არის რეგულაციების მაქსიმალური დაცვა – სწორად გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, ჰიგიენა. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო დახურულ შენობებში ვენტილაციაზე. უმთავრესი ღონისძიება კვლავ არის ვაქცინაცია, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩოკოშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 580 869 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 541 610, გარდაიცვალა 8 185 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება