ნათია თურნავა: გურიაში აქტიურად გავაგრძელებთ როგორც გაზიფიცირების პროცესს, ასევე ეკო და აგროტურიზმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს

166
წაკითხვა/ნახვა
mpn

გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან, სასიხარულოა, რომ ვხედავთ ადამიანებისგან დიდ ნდობას, მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი გუნდის კანდიდატებს, არიან მადლიერები და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ნდობა, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამართლებდით და მომავალშიც გავამართლებთ, – ამის შესახებ ნათია თურნავამ გურიის რეგიონში მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი დავით შარაშიძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე.

მინისტრის ინფორმაციით, გურიაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია და ორმოცამდე დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 17 000 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე სამწლიან პერიოდში გაზიფიცირდა.

„ამ ოჯახების უმეტესობა ან უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით, ან ქსელზე დაერთდება ამ დღეებში. გაზიფიცირების პროცესს ვაგრძელებთ და მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ უახლოესი სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლები ასი პროცენტით იქნება გაზიფიცირებული. ასევე ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, გურიაში ასევე დიდი პოტენციალია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

„აქ არის ულამაზესი ხედები, სტუმართმოყვარე ადამიანები, ძალიან გემრიელი სამზარეულო – ეს არის სწორედ ეკოტურიზმი და აგროტურიზმი, რისთვისაც ჩვენ ახალი პროგრამა ავამოქმედეთ – ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გრანტები, თანაგარანტირება და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი გეგმებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სადაც სულ მცირე, შვიდი მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ახალი პროგრამების ფარგლებში, რაც ძალიან აქტუალურია გურიისთვის – ეს არის ლურჯი მოცვის, ასევე თხილის კულტურების განვითარების პროგრამები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გურიაში ამ მიმართულებებს ხელი შევუწყოთ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები
mpn
მოწონება