დმანისში ყველა ერთ აზრზეა, რომ მოხდა სამწუხარო ინციდენტი, ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება – სოზარ სუბარი

279
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დმანისში კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი ერთ აზრზეა, რომ სამწუხარო ინციდენტი მოხდა.

„ყველა არის ერთ აზრზე, ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს გაგრძელდა. პრაქტიკულად ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ამიტომ, სათქმელი ითქვა, ყველა ერთ აზრზეა. მინდა, შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს, რაც სიტყვიერად უკვე გაკეთებული იყო. ხალხსაც მოვუწოდოთ, რომ დაწყნარდნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება, აწყობდეს ვითარების ესკალაცია, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას, რადგან გავიმეორებ, ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ხელი ჩამოვართვათ ყველამ ერთმანეთს“, – განაცხადა დმანისში მყოფმა სოზარ სუბარმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

„გუშინ რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ხასიათზე მომხდარი კონფლიქტი. დღეს დილას და საღამოსკენ ესკალაცია იყო მართლაც იმის გაგრძელება, არ ვიცი, რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მათი ოჯახის წევრები, ამას ემიჯნებიან, ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად იცხოვრებენ მშვიდად მომავალში. ყოფით ნიადაგზე მომხდარი გაუგებრობაა, რომელსაც შემდგომი გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც კანონს და ხალხის ინტერესებს შეესაბამება, და ხალხის ინტერესი რაცაა, დაინახავთ, გამოვლენ მხარეები და მოხდება საბოლოოდ კონფლიქტის ამოწურვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება