სასამართლომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივარი , რომელიც ავთანდილ თალაკვაძის მიერ ჩატარებულ თემატურ ღონისძიებას ეხებოდა არ დააკმაყოფილა

339
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წევრმა გიორგი ღურჭუმელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ საჩივარი მიკერძოებულია და შესაბამისად სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პარტიის მიერ ჩატარებულ იმ შეხვედრას ასაჩივრებდა, რომელზეც მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ და მისმა გუნდმა საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვის ნაწილი და პრიორიტეტები წარუდგინა.

ასევე, ღურჭუმელიძემ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებს მიმართა, რომ რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევებზე და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი დარღვევები, ასევე უზრუნველყონ კანონის მართებულად ინტერპრეტაცია.

,,8 სექტემბერს დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც განიხილებოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საჩივარი. ორგანიზაცია სადავოდ ხდიდა ჩვენს მიერ ჩატარებულ თემატურ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჩვენი საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვის ნაწილი და პრიორიტეტები წარვუდგინეთ. აღნიშნულ ღონისძიებას შეეხებოდა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივარი. სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე საჩივრის ავტორს უთხრა უარი. მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა და ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.’’

ღურჭუმელიძის განცხადებით, შეხვედრა თემატური ხასიათის იყო და საჯარო მოხელეების მობილიზება არ მომხდარა.

,,შეხვედრა მართლაც გახლდათ თემის გარშემო ორგანიზებული და დამსწრეთა მობილიზება სამსახურებრივი ნიშნით, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არ მომხდარა. ჩვენ არ გვქონია კავშირი, რომელიმე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელთან და არ გვითხოვია, საჯარო მოხელეები დასწრება პროგრამის პრეზენტაციაზე.

ცხადია, ეს საჩივარი გახლდათ მიკერძოებული. ამაში უფრო მეტად ვრწმუნდებით, როცა ოზურგეთში ამავე პერიოდში, ჩვენი კონკურენტების მხრიდან სახეზეა სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი, როდესაც მოქალაქეებს დახმარება წინასაარჩევნოდ ეძლევათ შერჩევითად, ჩემი კონკურენტის საარჩევნო მასალები განთავსებულია სახელმწიფო რესურსებზე და მედიის მხრიდან გაშუქდა ზეწოლის და მერიის თანამშრომლებზე ზემოქმედების არაერთი ფაქტი, რაზეც ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ან სხვა ორგანიზაციებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევებზე და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი დარღვევები, მოახდინონ კანონის მართებულად ინტერპრეტაცია “ – განაცხადა “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წევრმა, გიორგი ღურჭუმელიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება