პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ომი. პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი უკრაინიდან სამხედრო ძალების გაყვანით. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უნდა შეწყვიტოს ბელორუსის თანამონაწილეობა ამ უკანონო კონფლიქტში, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, საშიში და უპასუხისმგებლოა.
ამასთან სტოლტენბერგის თქმით, ამ მინისტერიალზე საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის გაზრდაზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
„ხუთშაბათს მე ვუხელმძღვანელებ ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის მორიგი სხდომას. ნატოს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური მიზანი ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის შეკავება. მომავალ კვირას ნატო გამართავს ალიანსის მიერ დაგეგმილ შეკავების წვრთნებს. ეს არის რუტინული ვარჯიში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. პრეზიდენტ პუტინის ფარული ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არასოდეს უნდა იბრძოლოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება, მაგრამ ძალიან ფხიზლად ვართ. ივნისში მადრიდის სამიტზე ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებებზე თავდაცვისა და შეკავების მიმართულებით, რათა პასუხი გავცეთ ახალ უსაფრთხოების რეალობას.
ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ალიანსის აღმოსავლეთში. ასევე ვზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას. ამ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის გაზრდაზე. ჩვენ ვაძლიერებთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. ნატო ამაზე მრავალი წელია მუშაობს და Nord Stream-ის მილსადენების დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ფხიზლად ვართ. ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს წარმომადგენლობა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია ნატოს საზღვაო სარდლობის მიერ. წინ რთული ზამთარი გველის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომა უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
