პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რომ გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ შვეიცარიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობა. გვქონდა შეხვედრა სპიკერთან, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა პრიორიტეტებზე და იმ ფაქტზე, რომ ახლა გვიწევს საკმაოდ რთულ პერიოდში ცხოვრება და რას ნიშნავს ასეთ დროს პარლამენტარობა, – კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) პრეზიდენტმა ირენ ქელინმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ვიზიტი, როდესაც აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ურთიერთობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არის ძალიან ახლო. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამოქალაქო დონეზე. მინდა აღვნიშნო, რომ წინა ოქტომბერს ორმა ქვეყანამ ხელი მოვაწერეთ პარიზის შეთანხმების მეექვსე მუხლის მეორე პარაგრაფით გათვალისწინებულ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის საკითხებს და ის მოიცავს შვეიცარიის და საქართველოს კერძო სექტორის დაინტერესებულ მხარეებს. ჩვენ გვინდა, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი პროგრამა 2022 – 2025 წლისთვის ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო შვეიცარიისთვის. შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, კონფლიქტის გადაჭრაში, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მოძებნაში. როგორც იცით, შვეიცარია ორივე სახელმწიფოს მოთხოვნით ჩართულია მოლაპარაკებებში თუ დიალოგის ინსტრუმენტში. შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მოწყვლადია დემოკრატიული ბალანსი და მშვიდობა. გვესმის ის ფაქტიც, რომ საქართველომ ჩვენზე კარგად იცის თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საომარმა მოქმედებებმა ეკონომიკურ თუ სხვა თვალსაზრისით. ამ რთულ დროს მნიშვნელოვანია ფოკუსირება საერთო ღირებულებაზე. პანდემიის შემდგომ, ყველამ კარგად ვიცით, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ევროპაზე და ჩვენს ქვეყანაზე არამედ ზოგადად მსოფლიოზე. გვიხდება ამ საკითხებზე მუშაობა და თავისთავად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა გარემოს დაცვის საკითხებზე, კლიმატზე. უნდა ვიყოთ ერთიანები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე, უნდა შევძლოთ საერთო გამოსავლის მიღება, უნდა გვახსოვდეს საერთო ღირებულებები, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ყველა ეს ფუნდამენტური უფლება უნდა იყოს ჩვენი მორალური კომპასი, როგორც აქ საქართველოში, ასევე ჩვენთან შვეიცარიაში. ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირენ ქელინმა.
