Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კულტურის სამინისტრო „ტვ პირველს“ გელათთან დაკავშირებით მორიგი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მარშალ პრესი 09/10/2022
კულტურის სამინისტრო

„ტვ პირველმა“ გელათთან დაკავშირებით მორიგი ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, – ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ტვ პირველის ერთ-ერთი გადაცემის ფარგლებში, 2022 წლის 9 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, წვიმის წყლის ტაძარში ჩადინებისა და ლპობის პროცესის დაწყების გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსში დაზიანდა დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილი ღვთისმშობლის მოზაიკა და დაიწყო მისი ზედაპირის ცვენა, კერძოდ, ღვთისმშობლის სახეზე ღაწვის ადგილი. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე, ლაქები გაჩნდა მოზაიკის სხვა ადგილებზეც. ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უფრო მეტიც – მედიასაშუალების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი განზრახ სიცრუის ჩადენის დასანანი მაგალითია და, რასაკვირველია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მედიის ძირითად ფუნქციასა და დანიშნულებას.

სიუჟეტში საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ თითქოს გელათში, ღვთისმშობლის მოზაიკის ღვთისმშობლის სახის ფრაგმენტი ახლა დაზიანდა/დღეს ზიანდება ელემენტარული სიცრუეა. მეცნიერული კვლევებით და პუბლიკაციებით დადასტურებული სინამდვილე კი ის არის, რომ მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი და ღვთისმშობლის სახის ნაწილი დაზიანდა მე-16 საუკუნემდე. მე-16 საუკუნეში კი, ზუსტად ის ფრაგმენტი, რომელზეც „ტვ პირველის“ სიუჟეტში იყო საუბარი, აღადგინეს ფრესკული ტექნიკით.

უფრო ზოგადად, ძირითადი ტაძრის საკურთხეველში, სადაც მოზაიკაა განთავსებული, მონასტერში 2020 წლამდე შექმნილი მძიმე ვითარების პერიოდშიც კი, წყალი არ ჩასულა. ამასთან, 2021 წელს, საკურთხეველში კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მონიტორინგმა დაზიანებები არ გამოავლინა, რის შემდეგაც, რელიგიური მსახურებისათვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, ხარაჩოები საკურთხევლიდან დროებით იქნა მოხსნილი.

ზუსტი შეფასება კი ხარაჩოსა და პროფესიული დაკვირვების გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია, რის გამოც, საქმე გვაქვს, მედიასაშუალების მხრიდან, დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ შემთხვევასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს
Next: პოლიციამ თელავში 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025