კახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მოსახლეობისგან ყოველდღიურად ვგრძნობ, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები

274
წაკითხვა/ნახვა
mpn

ვაფასებ და ვუფრთხილდები მოქალაქეებთან ურთიერთობას, რომელიც გუშინ და დღეს არ დაწყებულა, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ჩემს მხარდამჭერებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ვაფასებ და ვუფრთხილდები მათთან ურთიერთობას, რომელიც არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს სპორტული კარიერიდან დაწყებული, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. მე ჩემს ქვეყანასთან, ქალაქთან ერთად გავიზარდე. სიყვარულს, რასაც ყოველდღიურად მოსახლეობისგან ვგრძნობ, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები. პირობას ვაძლევ ჩვენს მოსახლეობას, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მეტად მწვანე, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ამ სიყვარულს დავაბრუნებ დედაქალაქში განხორციელებული პროექტებით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ჩვენ პირველივე ტურში გამარჯვებით დავასრულებთ არჩევნებს, ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს მხარდაჭერა რიგითი თბილისელების, რომლებსაც უყვართ თბილისი, რომლებიც ხედავენ გაკეთებულ საქმეებს. ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. თბილისის მერობა მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს მძიმე ტვირთია, რთულია მართო ამხელა ქალაქი, სადაც ბევრი პრობლემაა. ჩემი სიძლიერე არის ჩემ მდგომი ძლიერი გუნდი. ჩვენ არანაირი სირთულის არ გვეშინია, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ისეთ პრობლემებს გავუმკლავდით, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, რაც ზოგისთვის მტკივნეული და არაპოპულარული იყო“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება