ნათია თურნავა: იმერეთი ერთ-ერთი მხარეა, სადაც ბუნებრივი გაზის ახალი ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრები გვაქვს და გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება

146
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაწყებულია გაზიფიკაციის ძალიან მასშტაბური პროექტი და იმერეთი არის ერთ-ერთი მხარე, სადაც ახალი გაზის ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრებია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სამწლიან პერიოდში რეგიონის 46 დასახლებული პუნქტი მოექცა გაზიფიცირების გეგმაში და ამას კიდევ დაახლოებით 30 დასახლებული პუნქტი დაემატება.

„აქედან 8 სოფელია გაზიფიცირებული ტყიბულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გაძლევთ პირობას, რომ პროცესი გაგრძელდება და გაზი მაქსიმალურად იქნება მიწოდებული ოჯახებში – ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი მცირე სასტუმროების განვითარებას და უკეთეს ცხოვრების პირობებს“ – აღნიშნა თურნავა.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, მეწარმეები აქტიურად ისარგებლებენ მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი პროგრამებით, რომლებიც ეკო და აგროტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩვენ წამოვიწყეთ პირდაპირ ტურიზმზე, მათ შორის ეკო და აგროტურიზმზე ორიენტირებული ახალი პროგრამები, სადაც მეწარმეებს ვთავაზობთ არამარტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, პრაქტიკულად, უფასო სესხს, არამხოლოდ თანაუზრუნველყოფას, არამედ გრანტსაც. ეს არის კარგი სიახლე და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მცირე მეწარმე, ბევრი ოჯახი ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ისარგებლებს ამ დახმარებით. ჩვენი კარი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება