„ძალა ერთობაშია“, ანუ, ამბავი იმისა, როგორ გაერთიანდა ყველა ზემო კაჭრეთელი ბექასთვის

527
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

აღდგომის დღესასწაული ყოველთვის სიკეთესთან და სიყვარულთან ასოცირდება. ამ დღეს, ყველას ოჯახში მართლა სადღესასწაულო განწყობაა და ხალხიც ერთმანეთის მხარდასაჭერად თუ დასახმარებლად ერთი-ორად უფრო მეტადაა განწყობილი, ვიდრე სხვა დროს.

სწორედ ასეთი ადამიანების დაწყებულ კამპანიაზე #იყიდებექასგან მინდა მოგიყვეთ, რომელსაც სოციალურ ქსელებში გადავაწყდი. როგორც წესი, ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვხვდებით ხოლმე მსგავს სოციალურ კამპანიებს, თუმცა ჩემი ყურადღება სწორედ განსხვავებულობამ და განსაკუთრებულმა ერთიანობამ მიიქცია.

ბექა მაზანიშვილი შშმ პირია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბექა საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ სწავლობდა. ამის შემდეგ, ერთადერთი მიზანი რაც დაისახა საკუთარ სოფელში მცირე აგრო ბიზნესის დაწყება იყო, თუმცა ფინანსები არასაკმარისი აღმოჩნდა და სწორედ ამის შემდეგ, როგორც ბექა თავად ამბობს „ერთი მესიჯის გაგზავნა და მოულოდნელი მხარდაჭერის მიღება ერთი იყო“. ყველაფერი 2 თვის წინ, სოციალური ქსელით გაგზავნილი ერთი შეტყობინებით დაიწყო, რომელიც მისი სოფლის არჩეულ პარლამენტის წევრს გაუგზავნა და თავისი იდეის განსახორციელებლად ჯიხურით უზრუნველყოფა სთხოვა.

ამ მესიჯის შემდეგ „ბექას ამბისთვის“ გაერთიანდა თბილისის მერია, პარლმენტის წევრი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და უბრალოდ, მისი გულშემატკივრები, თანასოფლელები, მასწავლებლები და ა.შ, ყველა ერთი მიზნისთვის – ბექას ჰქონოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მისი იდეის განსახორციელებლად. როგორც ბექა თავად გვიყვება, მისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მოლოდინი დიდი იყო და ეს მოლოდინი არა მხოლოდ გაუმართლდა, არამედ გადააჭარბა კიდეც. „თავიდან ბატონ დავითს მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ხილ-ბოსტნის მაღაზიის გახსნა მინდოდა და „ბუტკა“ მაღაზია(სტილი დაცულია) მოეცა, თუ შეეძლო. ამ მესიჯიდან რამდენიმე დღეში სოფელში მომიტანეს ჩემი ეს მაღაზია, მწვანედ შეღებვაშიც დამეხმარნენ და უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტია, რაც ვაჭრობა დავიწყე. ამის მერე გურჯაანის მერი მოვიდა, ჩემგან ხილი და ბოსტნეული იყიდა და მაგის მერე რა მოხდა არ ვიცი, სულ სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან და ჩემთან ვაჭრობენ. ძალიან მიხარია, ყველა მომეხმარა და ყველას მადლობა რომ დამეხმარნენ“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ბექა.

როგორც ბექას დედასთან საუბარში გავარკვიეთ, ბექასთვის ჯიხურის გადაცემის შემდეგ გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა კამპანია #იყიდებექასგან წამოიწყო და სწორედ, ამ კამპანიის დამსახურებით სხვადასხვა ადგილობრივი უწყების თანამშრომლების გამოწვევა ხდება დღემდე და ისინიც ბექასგან ყიდულობენ ოჯახისთვის პროდუქტებს.

ბექასთან საუბარში მოტივაციასა და სიცოცხლის სიყვარულს შეატყობთ, რომელიც არ შეიძლება არ გადმოგედოთ. სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა, თუმცა ბოლომდე არაფერი მოგვიყვა, შეიძლება არ გამომივიდესო და ამიტომ როგორც განვახორციელებ, მერე სპეციალურადაც დაგპატიჟებთო.

დღევანდელ დღეს, ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილი კრიზისის ფონზე, ალბათ ძნელია დროის და რესურსების გადანაწილება ისეთი წარმატებული იყოს, როგორც მაშინ, როცა ქვეყანაში შედარებით სტაბილური მდგომარეობაა. მაგრამ, ძალა ერთობაში რომაა და ჩვენ – ქართველებს ერთმანეთის მხარში დგომა გაჭირვების დროს რომ ყველაზე კარგად გამოგვდის, ამ ამბითაც მტკიცდება, როცა ერი და ბერი, ქალაქი თუ სოფელი, საჯარო თუ კერძო სექტორი ერთი ზემო კაჭრეთელი მოტივირებული ბიჭის ამბის გარშემო გაერთიანდა. როცა, ხშირ შემთხვევაში თითქოს საერთოდ არ იგრძნობა კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, ეს ნამდვილად სამაგალითო შემთხვევა შეიძლება გახდეს ყველა სხვა დანარჩენისთვის. დიახ, ასე უბრალოდ და ერთი ტექსტური შეტყობინებით, უშუალო ურთიერთობებით იწყება ხოლმე ბევრი კარგი ამბავი და არა მხოლოდ იწყება, არამედ წარმატებით ხორციელდება კიდეც. დღეს შესაძლებლობები უსაზღვროა და დიახ, დღეს იმაზე მეტად ვჭირდებით ერთმანეთს კეთილი საქმისთვის, ვიდრე ოდესმე. ბექას კი, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ ჩვეულებრივ ტექსტს წერდა, ალბათ ვერც წარმოედგინა რომ შეიძლებოდა მისი ოცნება რეალობად, ასე მოკლე დროში ქცეულიყო. ბოლოს კი, არ დაგავიწყდეთ, როცა კახეთის ამ ულამაზეს სოფლებში კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში მოხვდებით, აუცილებლად #იყიდებექასგან, რადგან #ძალაერთობაშია და ერთად, მართლაც ბევრი კარგი საქმის კეთებაა შესაძლებელი!

კომენტარები
რეკლამა
მოწონება