დაკავებულია 6 პირი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები (ვიდეო)

388
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჯ.ლ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 11 საბრძოლო ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ხ.-მ „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნაცნობ ჯ.ლ.-ზე, ამ უკანასკნელმა კი ცეცხლსასროლი იარაღი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გ.დ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 საბრძოლო ვაზნა.

მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს “აკ-74”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული ნ.გ.-ის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ ფირმის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ჯ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 15 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, უკანონო გასაღებისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება