„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება – კეზერაშვილი ოლიგარქია თუ ქველმოქმედი, იმით დაგვირგვინდა, რომ პასუხი თავად დავით კეზერაშვილმა გასცა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მას ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის არანაირი ინტერესი არ აქვს, თუმცა „ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების“ დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს და ასევე, „გასაჭირში მყოფი მეგობრების“ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მიტოვებას არ აპირებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ოპოზიციური სპექტრის სამომავლო მხარდაჭერასაც აანონსებს, ამჟამად საქართველოში ძებნილად ითვლება. დავით კეზერაშვილი საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონ ევროზე მეტი ზიანის მიყენებისთვის დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება საწვრთნელ პროექტში გაფლანგულ თანხებს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ დავით კეზერაშვილის წერილი ბევრის მეტყველია და განსაკუთრებული ყურადღება სააკაშვილის და გვარამიას ხსენებას უნდა მივაქციოთ. მათი აზრით, ის ამ ადამიანებს ტყუილად არ ახსენებს, რადგან კარგად იცის, რომ ენმ სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ელექტორატის 90% სააკაშვილის მხარდამჭერია და არა პარტიის. მან იცის, რომ ის ლიდერშიპი, რომელიც მას მხარს უჭერს, საზოგადოებაში არანაირი პოპულარობით არ სარგებლობს, ამიტომაც სააკაშვილის ხსენებით, მისი მხარდამჭერების გულის მოგებას ცდილობს.
„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ვალდებულად ჩავთვალე თავი, საკუთარი პოზიცია დამეფიქსირებინა. ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კონფლიქტში, ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურისა და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი, რომ ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება – ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი.
მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა; მე არასდროს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არ მაქვს. ამასთან, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე. არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას“, – ეს არის ამონარიდი კეზერაშვილის განცხადებიდან.
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში კეზერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ კეზერაშვილი „ფულის ხამი და ადამიანებით მოვაჭრეა“ და, თან კომენტარებში აღნიშნავს, რომ კეზერაშვილს აქვს ინტერსი ოპოზიციური პარტიების მიმართ.
„მკაფიოდ ვამბობ – მე არასდროს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში“ – მტყუანს… ჩემდათავად ფულის ხამი, ადამიანებით მოვაჭრე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაპირისიპირება მოსალოდნელი იყო და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუმცა ახლა ამ ყველაფრის პერსონალიზაცია დაიწყო და საზოგადოებამ უკვე კარგად დაინახა, ვინ ვისთან არის დაპირისპირებული, რაშიც კეზერაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა კიდევ დამატებით სიცხადე შეიტანა.
„ყოფილი თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებებს ჰაერზე არ გააკეთებდა. მას „ნაციონაალურ მოძრაობაში“ უკვე დასაყრდენი ჯგუფი ჰყავს, რომლის იმედი აქვს. მის წერილში ყველაზე საგულისხმოა სიტყვები, სადაც კეზერაშვილი ამბობს, რომ მეგობრებს, სააკაშვილს და გვარამიას გასაჭირში არ დატოვებს. საქმე ისაა, რომ კეზერაშვილმა კარგად იცის, საბოლოო სიტყვა მაინც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მასზეა დამოკიდებული არსებული დაპირისპირება რა სახეს და მიმართულებას მიიღებს. კეზერაშვილის განცხადება, რომ ის მეგობრებს არ დატოვებს, მიმართულია არა სააკაშვილის ან გვარამიასკენ, არამედ მათი გავლით იმ ელექტორატს ელაპარაკება, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. კეზერაშვილი შესაძლოა პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ კარგად იცის, რომ ენმ-ს ღირებულება სააკაშვილთან ერთად აქვს, ამიტომ მის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“არაფერში სჭირდება.
ამ პარტიაში რომელი ლიდერია ისეთი, რომლესაც ხალხი გაყვება? – არც ერთი, ამიტომ მან ამ სიტყვებით სააკაშვილის ამომჩევლის გულის მოგება სცადა. ბოლო პერიოდამდე სააკაშვილის და პარტიის მხარდამჭერი ელექტორატის 90% ერთი და იგივეა. იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი ამ დაპირისპირებაში და ქართული პოლიტიკისადმი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ამის მაინც არავის სჯერა. იგი მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს და უკრაინულ პოლიტიკაზეა გადართული. მაინც ნაკლებად სარწმუნოა მისი ამომრჩევლისთვის და ხელისუფლებისთვისაც, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ის ქართულ პოლიტიკაზე უარს იტყვის. აი, სწორედ ამას ფიქრობს კეზერაშვილი, რომელსაც ენმ-ის ყიდვა კი უნდა, მაგრამ არაა დარწმუნებული იმ ლიდერშიპებიდან ამომრჩეველი რომელიმეს თუ გაჰყვება“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით სააკაშვილი დუმს და მაინც ფიქრობს, რომ ამ პოზიციით ხელისუფლებას დაარწმუნებს და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ. სანამ სააკაშვილი ხმამაღლა არ იტყვის მისი სიმპათიები რომელი მხარისკენ არის მიმართული და ვის ადანაშაულებს მის ციხეში ჩატოვებაზე, მანამდე ეს დაპირისპირება გაგრძელდება. ანალიტიკოსი მაინც ფიქრობს, რომ ბოლო სიტყვა სააკაშვილს ეკუთვნის და ენმ-ის ბედიც საბოლოოდ, ამის შემდეგ გადაწყდება. მას მიაჩნია, რომ კეზერაშვილის და მელიას, ასევე მათი მხარდამჭერებიც პარტიაში, სააკაშვილის ბოლო სიტყვას ელოდებიან. ერთსაც და მეორე ჯგუფსაც სახელი ნაკლებად აინტერესებთ, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ ეს ელექტორატი ვისკენ წავა.
პოლიტიკური საკითხების მკვლევარი იგორ კვესელავა კი ამბობს, რომ ოპოზიციაში კრიზისი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, სააკაშვილი რომ წავიდა საქართველოდან, მაშინ დაიწყო, დაბრუნების შემდეგ კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ენმ-ის ბედი კიდევ უფრო დაღმა დაეშვა. მისი აზრით, დღეს სააკაშვილის გარშემო მცირე ჯგუფი დარჩა, ის აღარავის ანაღვლებს, აღარც საზღვარგარეთ გადაყვანაზეა მოძრაობა.
„გვახსოვს, ალბათ, მიშას უნდოდა, ოფიციალური განცხადებით გამოსულიყო და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ შეაჩერეს პარტიის შიდა ძალებმა თუ სხვამ, არ ვიცი – პარტიის რღვევის პროცესი კიდევ უფრო რომ არ დაჩქარებულიყო. თუმცა პრობლემას ვეღარ მალავენ და უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე არიან გადასულები.
ფაქტია, რომ პარტიაში სერიოზული განხეთქილებაა და ორად არის გაყოფილი. არ იციან, ვისთან წავიდნენ, თავის გადარჩენაზე არიან გადასული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი რესურსი ამოწურა, ახალი კადრებით არ ივსება, სულ ძველი კადრებია. ხალხს კიდევ მათი ნარატივი და აგრესიული რიტორიკა მოსწყინდა, მობეზრდა. ეს დესტრუქციული განცხადებები და ქუჩა ამომრჩევლის რაღაცა ნაწილზე მუშაობს, მაგრამ დიდ ნაწილზე არა. ახალგაზრდები განცხადებას არ წერენ, მიგვიღეთ პარტიაშიო, რადგან მათი სახელი იმდენად არის ლაფში ამოსვრილი, თავმოყვარე კაცი მაგათთან არ მივა. რაც შეეხება მელიას, ის დიდი პოლიტიკური მოღვაწე არ არის და დრომ წარმოშვა, ამიტომ რა შანსი აქვს, არ ვიცი, თუმცა პარტიაში მხარდამჭერები ჰყავს და სწორედ ამ ხალხს შორის მიდის დაპირისპირება“, – ამბობს კვესელავა.
მისივე თქმით, კეზერაშვილმა განაცხადა, არანაირი პირადი და პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში არ გამაჩნიაო, მაგრამ მისი ნათქვამის არავის სჯერა და ის სავარაუდოდ, აპირებს ის ჯგუფები გააძლიეროს, რომელიც მის ინტერესებს ქართულ პოლიტიკაში გაატარებენ.
კვესელავა მიიჩნევს, რომ რაც ახლა ოპოზიციაში და ენმ-ში ხდება, ცუდი არ არის, ამ ალიაქოთმა შეიძლება პროცესი დააჩქაროს და ბიძგი მისცეს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, რომელსაც ასე ელოდება საზოგადოება. მისი აზრით, რაღაცას უნდა დაესვას წერტილი, არ შეიძლება, ქართველმა ხალხმა გამუდმებით ქაოსსა და შუღლში იცხოვროს.
