ჩვენ გვაინტერესებს რომელი პუნქტი არ შევასრულეთ 22 სექტემბრის შეთანხმების ევროკავშირთან – ნიკოლოზ სამხარაძე

281
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ბრიუსელში საქართველოს საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩართული.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ არ დააკონკრეტა, კერძოდ, რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ოთხი პუნქტიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რა შეთანხმება არსებობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის იმ 150 მილიონი ევრო სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით და რა იყო ის სტრუქტურული რეფორმის კრიტერიუმები, რომლებიც საქართველოს უნდა განეხორციელებინა. ეს იყო 4 ძირითადი ქვეჯგუფი: პირველი, ეს იყო საჯარო ფინანსების მართვა, სადაც შედის კანონი სახელმწიფო პენსიების შესახებ, ასევე, საპენსიო ფონდის საინვესტიციო სტრატეგია. მეორე ნაწილი, ეს იყო ზოგადად მმართველობის ქვეჯგუფი, სადაც შედის კანონი მეწარმეობის შესახებ და ასევე სასამართლო რეფორმა. მესამე, ეს იყო სექტორული რეფორმები და ძირითადად ეხებოდა ენერგოეფექტურობას. მეოთხე, ეს იყო შრომითი ბაზარი და აქ იყო საუბარი კანონზე შრომითი სერვისების შესახებ და შრომითი ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა.

სხვა სამ სფეროსთან დაკავშირებით ევროკავშირს პრეტენზიები არ გააჩნია ამიტომ, მე მინდა გესაუბროთ, თუ რა წერია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტში. მეხუთე პუნქტში, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას ჩამოთვლილია a,b,c და d პუნქტები. ერთი შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას. მეორე შეეხება იმას, რომ ძველი კანონით არ ყოფილიყვნენ დანიშნული მოსამართლეები. მესამე საკითხი ეხება კანონის მიღებას, რომელიც თავის მხრივ ეხება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას და მეოთხე საკითხი ეხება წერილობით დასკვნას პირველ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ბრიფინგზე კონკრეტულად არ იყო მითითებული, თუ რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ოთხი პუნქტიდან. მე შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პირველი და ბოლო კანონის პროექტი უკვე შემუშავებულია და ინიცირებულია პარლამენტში, ხოლო რაც შეეხება მესამე და მეოთხე პუნქტებს, ესენი ორივე სრულადაა შესრულებული. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირი აი ამ პუნქტებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, რა ჰგონია ევროკავშირს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა და რა არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს გაიგოს, 22 სექტემბრის შეთანხმებიდან, რომელი პუნქტი ვერ შეასრულა საქართველოს მთავრობამ.

„ბრიუსელში ჩვენი საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში, ჩვენ მომზადებული გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული ამ პუნქტის შესრულების პროცესს და ეს დოკუმენტი დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საელჩოს და იქნება ამაზე კომუნიკაცია უშუალოდ ბრიუსელში. ამის შემდეგ გვინდა მოვისმინოთ პასუხები, კონკრეტულად რა არ შესრულდა. არ შეიძლება ზედაპირული განცხადებების გაკეთება, ყველაფერში უნდა იყოს კონკრეტიკა, როდესაც საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომელიც უნდა შესრულდეს. ეს არის ძალიან მარტივი, როდესაც არის სამოქმედო გეგმა, იქ რაღაცა ან შესრულდა, ან არ შესრულდა. ჩვენ გვაინტერესებს რომელი პუნქტი არ შევასრულეთ 22 სექტემბრის შეთანხმების ევროკავშირთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება