Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაია ორჯონიკიძე “ნაცმოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა – რატომ დალპა მწამებელთა პარტია? – პარტიის მმართველ ორგანოს მძიმე სნეულება შეეყარა

მარშალ პრესი 28/09/2022
მაია-ორჯონიკიძე
“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და მიხეილ სააკაშვილის ქალი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესების შესახებ წერს:
ჩიორა ამას ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როცა ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებდა, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პარტია ნელ-ნელა, განსაკუთრებით კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არასწორ გზას დაადგა-შემგუებლობის, კონფორმიზმის, პრინციპებზე უარის თქმისა და ამომრჩევლის წინაშე არაანგარიშვალდებულების გზას. ამ 2020 წლის წერილში ჩიორა მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას არ ახდენს,ის ღიად ასახელებს იმ მიზეზებს, რამაც ოდესღაც ეფექტური პარტია საბოლოოდ ხალხისგან,საკუთარი ამომრჩევლისგან მოწყვეტილ დახურულ კლუბად აქცია-პარტიული შიდა დემოკრატიის არარსებობა, საკადრო საკითხების კულუარულად და არა დემოკრატიულად და კონკურენტუნარიანად გადაწყვეტა, ფორმალური მიდგომა და შიდა პოლიტიკური პროცესების გაუმჭვირვალობა.
დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭეთა უდიდესი ნაწილი სამართლიანად უკმაყოფილოა პარტიის ინერტულობით,არაეფექტურობითა და “დახავსებით”. მხარდამჭერთა გამოფხიზლებას ბიძგი მისცა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და დატყვევებამ-ამ ფონზე მისი დაფუძნებული პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიპის სრულმა უმოქმედობამ და უუნარობამ. მაგრამ ჩიორამ,როგორც ძალიან პრინციპულმა და პოლიტსაბჭოს შიდა სამზარეულოზე ჩვენზე გაცილებით უკეთესად ინფორმირებულმა ადამიანმა პარტიის მმართველი ორგანოს პრობლემები გაცილებით ადრე დაინახა, ეცადა მათ შიგნიდან გამოსწორებას,მაგრამ შიდა უმრავლესობამ თავისი გაიტანა და ის, რამდენიმე ასეთივე პრინციპულ და იდეურ თანამოაზრესთან ერთად ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოდან, შემდეგ კი თავად პარტიიდანაც წავიდა.
როცა ასეთი იდეური ადამიანები პარტიიდან მიდიან-ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ პარტიის მმართველ ორგანოს მძიმე სნეულება შეეყარა, რაც 2021-2022 წლებში უკვე მხარდამჭერთა ფართო მასებისთვისაც სრულიად ცხადი გახდა.
ესაა ნაყვეტი ჩიორას 2020 წლის წერილიდან,მას მერე რაც მან პარტია დატოვა. მთლიანი ტექსტის ბმული კი კომენტარებშია.
“…რა მაწუხებს?
პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.
რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ.
საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას.
მაწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ჩვენ, ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო.
ჩემი დაკვირვებით, ეს თავისთავადი მოცემულობა არაა. დღეს ეს არის არსებული მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკვეთა – შეინარჩუნონ სტატუს კვო, რომ პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ.
მე კი მგონია, რომ გაცილებით უკეთესია, თუკი, პირობითად, ჩემს მაგივრად, უფრო მეტ ახალ, განათლებულ, კეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლება ახალი, უფრო თანამედროვე და განსხვავებული ხედვა შემოიტანონ, ახალი სტანდარტები დაამკვიდრონ ქართულ პოლიტიკაში და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ჩემი მხრივ, ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე თქვენთან ერთად, იმაზე, რომ პარტია უფრო გამჭვირვალე და შიდა სამართლიან კონკურენციაზე გამხდარიყო ორიენტირებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
სად არის გამოსავალი?
2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. თუ ეს 2020 წელს არ მოხდება, თითოეულ ჩვენთაგანს უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს ამ მარცხისთვის. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო დებატის გახსნა: რატომ ვართ არსებული პოლიტიკური სპექტრის მძევლები? რა არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ან ვინმე სხვა ხვალაც არ მოისყიდის ჩვენს რჩეულ პარტიებს და მათ ლიდერებს? რა არის იმის გარანტია, რომ სხვაც ივანიშვილივით აბუჩად არ აიგდებს თავის ამომრჩეველს, მე როდის დაგპირდით საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასო? რა არის იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეული პარტიები და ცალკეული ლიდერები ისევ ისე არ მოიპარავენ თქვენი ბრძოლით მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს, როგორც ეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს 2016 წელს?
სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს? ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით.
ბევრს მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რომ ამის დრო არ არის, როცა ივანიშვილის რეჟიმია დასამარცხებელი, აქ აქციაა დასაორგანიზებელი, იქ – კოორდინატორები შესარჩევი. მე კი მგონია, რომ ივანიშვილის ბოროტ, რუსული, კრიმინალური წესებით მართულ რეჟიმთან ბრძოლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმაზეც გადის, რომ ივანიშვილის უვიცი და კლეპტოკრატი გუნდის ალტერნატივად ახალი, ღია, დემოკრატიული ტიპის პარტიები არსებობდნენ, რომლებიც საზოგადოების რომელიღაც ნაწილის ინტერესის გამტარებლები არიან.
დემოკრატიული და ღია პარტიები არის ევროპული კურსის გრძელვადიანი შენარჩუნების ყველაზე სანდო გარანტია, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მიერ მხარდაჭერილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წარმატებით გატარება საკანონმდებლო ორგანოში. არადემოკრატიული ან ფორმალურად შექმნილი პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტი პროპორციული არჩევნების პირობებშიც კი ვერ ასახავს მოსახლეობის 80%-იან მხარდაჭერას დასავლური კურსისადმი.
ალბათ იფიქრებთ, ამას თავი შვეიცარიაში ხომ არ გონიაო. შვეიცარიაში არა, მაგრამ საქართველოში ნანახი მაქვს, რომ თუკი კეთილსინდისიერი და გონიერი თანამოაზრეები ამას ძალიან მოინდომებენ, ისეთი უტოპიური იდეების განხორციელებაც შესაძლებელია, როგორიც ქურდული სამყაროს გაქრობა და მისაღებ გამოცდებზე კორუფციის დამარცხება იყო თავის დროზე.
უბრალოდ, დღეს ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობაში არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე და არც სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგშია ეს პრობლემა გამოკვეთილი. არადა, ეს ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაა დღეს ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის არსებობა. ვფიქრობ ამის გამოა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ივანიშვილი კი ძალაუფლებას ინარჩუნებს.
მგონია, რომ სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, ივანიშვილის კორუმპირებული და დანაშაულით შეკავშირებული რეჟიმი ადვილად მოერევა აქტიური მოქალაქეების გულწყრფელ და უანგარო პროტესტს! ცვლილება კი დიაგნოზის დასმით და სწორი მკურნალობით იწყება და არა ტკივილის გაყუჩებით ან მოთმენით, ერთი არჩევნებიდან მეორემდე.
შიდაპარტიული დისკუსიის გახსნა და მტკივნეული დიაგნოზის დასმა – ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე დღემდე შევძელი. ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არ გამომივიდა.
მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ განხილვებში”.

Post navigation

Previous: ეი,თქვენ მანდ ოპოზიციაში,რას ჩუკენობთ ?! გული მერევა – ელისო კილაძის მიმართვა ოპოზიციას
Next: ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი – თეა წულუკიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.