ამირან გამყრელიძე – ეპიდვითარების ოდნავი სტაბილიზაციის ნიშნები არის, შეზღუდვებით მობილობა დაეცა და აღსრულება არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო

240
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაცია შეინიშნება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდი აღარ არის.

„გიდასტურებთ, რომ ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნები არის, მთავარია, რომ ზემოთ აღარ მიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ დაწესებული შეზღუდვებით მობილობა დაეცა, მეორე – აღსრულება არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო, ანუ საზედამხედველო ორგანოები უფრო მკაცრად უდგებიან აღსრულებას. მხედველობაში მაქვს ქორწილები, ქელეხები, დიდი შეკრებები და ყველანაირი სუფრები იკრძალება, შემდეგ მნიშვნელობა აქვს ვირუსის განვითარების ბუნებრივ ციკლს. მოგეხსენებათ, მას აქვს ტალღისებური ციკლი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია ქვეყანაში აცრების ინტენსიფიკაცია, რაც ბოლო თვის განმავლობაში სერიოზული გვაქვს, დაახლოებით სამჯერ მეტია აცრების დღიური რაოდნეობა, ვიდრე ეს იყო ივლისში“, – განუცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.

რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, გამყრელიძის განმარტებით, გარდაცვალების მაჩვენებელი პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან.

„სამწუხაროდ, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი. ამას ვერ გადავალთ, ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერება. სამწუხაროდ, გარდაცვალების ციფრები გვაქვს მაღალი ბოლო კვირების განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ძირითადად შემთხვევების მომატებულ რაოდენობასთან. შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზირდება, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერ დარჩება, რადგან საკმაოდ ბევრი მძიმე ავადმყოფია კლინიკებში, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში. ეს ასეა ყოველთვის, გრდაცვალების გარკვეული პიკი მოსდევს ხოლმე ახალი შემთხვევების პიკს დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება