“ყოფილი პოლიტპატიმრები, ადამიანის უფლებებისთვის” – საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად ბრმად იმეორებენ ოპოზიციის მიერ მათთვის მიწოდებულ ნარატივს

458
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები, ადამიანის უფლებებისთვის” ეუთო/ოდირის განცხადებას ეხმაურება.

 

ორგანიზაციის შეფასებით, ანგარიში ძალიან უცნაურ, ხოლო ზოგ შემთხვევაში საოცრად ტენდენციურ, უსაფუძვლო და ალოგიკურ დასკვნებს შეიცავს.

 

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირი) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის შესახებ მეოთხე, საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის სამართლიანობასა და სანდოობაზე.

 

ასეთი უაპელაციო განცხადების შემდეგ ანგარიში გადადის იმ ფაქტორების განხილვაზე, რომლებიც, მათი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს პროცესის სამართლიანობას და სანდოობას.

 

ამ ფაქტორების გაცნობისას მკითხველი ხშირად წააწყდება ძალიან უცნაურ, ხოლო ზოგ შემთხვევაში საოცრად ტენდენციურ, უსაფუძვლო და ალოგიკურ დასკვნებს.

 

როგორც ცნობილია, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება.

 

ანგარიში აცხადებს, რომ ამ ორგანოში განხილვისას „მაღალი გამჭვირვალობის მიუხედავად… იქ კანდიდატებისთვის შექმნილი იყო განსხვავებული პირობები, ადგილი ჰქონდა ქცევის ეტიკეტის დარღვევას, შიდა დაპირისპირებებს და სერიოზულ პრობლემებს ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში“.

 

ამ ზოგად შეფასებაში უცნაური მარტო ის კი არ არის, რომ არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის მოტანილი, არამედ ის, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთიან კლანს დაქვემდებარებული ორგანო კი არ ყოფილა, როგორც ამას ამტკიცებს ყველა, ვისაც არ ეზარება, არამედ იქ თურმე შიდა დაპირისპირებებსაც ჰქონია ადგილი, ეტიკეტის დარღვევასაც, კანდიდატებისთვის განსხვავებული პირობების შექმნასაც, ანუ კლანად მონათლული იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეუთო/ოდირის შეფასებით ცოცხალი და მუშა ორგანო ყოფილა თავისი პლიუსებით და მინუსებით.

 

შემდეგ ანგარიში გადადის პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვის ეტაპზე და ამბობს, რომ მართალია, ეს ეტაპი „პროცესზე საზოგადოებისა და კანდიდატების მხრიდან კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა“, მაგრამ „მაინც არ იყო გარანტირებული ის, რომ კანდიდატთა საბოლოო შერჩევა მოხდა ობიექტური, დამსახურებაზე დაფუძნებული კრიტერიუმების გამოყენებით“.

 

ასეთი ზოგადი, არაფრისმთქმელი შეფასება მხოლოდ საქართველოდან დაინტერესებული ძალების მიერ მიწოდებული ფრაზების გადამღერებაა, თორემ სხვა შემთხვევაში უნდა დასახელებულიყო ის კონკრეტული მოსამართლეები (ან ერთი მოსამართლე მაინც), რომელიც არ იქნა დანიშნული „ობიექტური, დამსახურებაზე დაფუძნებული კრიტერიუმების გამოყენებით“.    საერთოდ გამაოგნებელია ანგარიშის ის ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კანონი „პარლამენტს ანიჭებს სრულ თავისუფლებას დაამტკიცოს ან უარყოს რომელიმე კანდიდატი არსებითი დასაბუთების გარეშე“, რაც თურმე საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

 

ჯერ ერთი, აქედან გამოდის, რომ თურმე ყველა დემოკრატიული ქვეყანა არღვევს საერთაშორისო ნორმებს, როდესაც დეპუტატს ანიჭებს თავისუფალ მანდატს და არ მოითხოვს მისგან ყველა გადაწყვეტილების დასაბუთებას, და მეორეც, თუ პარლამენტს არ უმსჯელია (თუნდაც კომიტეტის სხდომებზე) მოსამართლეობის კანდიდატების ღირსება-ნაკლოვანებებზე, მაშინ როგორ მოხდა, რომ წარდგენილი 9 კანდიდატიდან მხოლოდ 6 მოსამართლე დაამტკიცა და დანარჩენებს უარი უთხრა? მით უმეტეს, იქვე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომიტეტზე „კანდიდატების მოსმენა ზოგადად წესების მიხედვით და უმეტესწილად, თანმიმდევრულად წარიმართა, თუმცა სხდომებზე კომიტეტის წევრების ცუდმა დასწრებამ და პოლიტიკურმა ელფერმა ნეგატიური გავლენა იქონია ობიექტურობისა და მოსამართლეთა ღირსებებზე დაფუძნებული დანიშვნების პროცესის სათანადო აღქმაზე“.
ე. ი. რა გამოდის? თურმე კომიტეტში განხილვის ნეგატიური მხარე მხოლოდ ის ყოფილა, რომ მასზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ და ამიტომ ეს ცუდად აღიქმებოდაო, ამბობს ანგარიში. მაშინ რატომ არის მთავარი პრეტენზიები მიმართული ხელისუფლებისკენ?

 

იმდენად დაინტერესებული არიან ანგარიშის ავტორები განხილვის პროცესში ხელისუფლების ქმედების ხარვეზების აღმოჩენით, რომ ასეთ შენიშვნასაც კი წერენ: „მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარე პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უმეტესწილად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა, მან რამდენჯერმე მაინც გააკეთა განცხადებები ან ჩაერთო კამათში, რაც თავისი არსით პარტიულ ელფერს ატარებდა”.

 

ეს შენიშვნა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი აზრი არ უნდა ჰქონდეს ან თუ აქვს, მისი გამჟღავნების უფლება არა აქვსო.

 

ანგარიში იმასაც ნაკლად აცხადებს, რომ დაწუნებული სამი კანდიდატიდან ორი ქალბატონი იყო, რაც მიანიშნებს გენდერული ნიშნით არასწორ მიდგომაზე, თუმცა ავტორებს ავიწყდებათ ან არ იციან, რომ საქართველოს სასამართლოების მთლიან კორპუსში მოსამართლეების უმრავლესობას სწორედ ქალბატონები წარმოადგენენ.

 

კიდევ ერთი გაუგებარი შენიშვნა ეხებოდა იმას, რომ მართალია, კანონი არ მოითხოვდა, მაგრამ „რომ არ ჩატარდა ამგვარი განხილვა, ამან დიდად ვერ გაზარდა ნდობა აღნიშნული პროცესის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ღირსებებზე დაფუძნებული პრინციპებით წარიმართა“. ანუ, კანონი რასაც არ მოითხოვდა, ის უნდა გაგეკეთებინათო.

 

გაუგებარი აქ ისიც არის, რომ ავტორები არ ამბობენ, თუ რას ნიშნავს პროცესის „ღირსებებზე დაფუძნებული პრინციპებით წარმართვა“, ან თუ იმას გულისხმობენ, რომ უღირსი მოსამართლეები დაინიშნენ, რატომ არ ასახელებენ კონკრეტულ პიროვნებებს, ან ერთ ასეთ უღირს პიროვნებას მაინც?
ბოლო შენიშვნა ეხება იმას, რომ წარმოდგენილ ექვს კანდიდატს “კენჭისყრაში მონაწილე უმეტესწილად ერთგვაროვანი პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი“.

 

ჯერ ერთი, თუ ოპოზიცია საერთოდ არ მონაწილეობდა კენჭისყრაში, აბა სხვა ვინ დაუჭერდა მათ მხარს და მეორეც, რომელ ქვეყანაში ხდება მოსამართლის ან სხვა პირის არჩევა ან დანიშვნა მხოლოდ კონსენსუსით ან პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობის თანხმობით და რომელ ქვეყანაში ითვლება დემოკრატიის ხარვეზად მხოლოდ ერთი პარტიის მიერ თანამდებობის პირის არჩევის ან დანიშვნის პროცედურა? ესეც განსაკუთრებულად და უსაფუძვლოდ კრიტიკული მიდგომაა საქართველოსადმი.    ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად ვერ (ან არ) ერკვევიან ქვეყნის შიგნით არსებულ რეალურ პრობლემებში და ბრმად იმეორებენ იმ ადგილობრივი ოპოზიციის მიერ მათთვის მიწოდებულ ნარატივს, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ადამიანის უფლებათა უხეში სისტემური დარღვევებისა და ანტიდემოკრატიული მმართველობის წესის გამო უთხრა უარი”, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება