ლევან ვასაძე პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

811
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხელშეკრულება, რასაც ახლა მოეწერა ხელი, შარლ მიშელის თუ დანიელსონის დოკუმენტი, არის აბსოლუტური კატასტროფა და შეხედეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოაწერა მას ხელი, – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას.

„არ შეიძლება, ღირსეული ქვეყანა და ღირსეული ხალხი იმართებოდეს უცხოეთიდან. ჩვენ არ ვართ არც იმის მომხრე, რომ დასავლეთიდან ვიმართებოდეთ, არც რუსეთიდან, არც აფრიკიდან, არც თურქეთიდან, არც ირანიდან, არც არსაიდან. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენისთანა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად უნდა იყოს ანგარიშის გამწევი ჩვენი, მათ შორის, დიდი მეზობლებისა. ყველაფერი უნდა გააკეთოს, პირველ რიგში, დიპლომატიური გზებით და თუ საჭიროა, არა მარტო დიპლომატიური, რათა დააბალანსოს ეს ურთიერთობები, მაგრამ იმპერატიული, აბსოლუტური ფასეულობა არის ის, რომ მმართველობა ამ ქვეყნისა ეკუთვნოდეთ არა უცხოელებს, და მე არ მაინტერესებს, ისინი ამერიკელები არიან, ევროპელები, რუსები თუ ვინც გინდა, არამედ ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, ის ხელშეკრულება, რასაც ახლა მოეწერა ხელი, შარლ მიშელის თუ დანიელსონის დოკუმენტი, არის აბსოლუტური კატასტროფა და შეხედეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოაწერა მას ხელი. იმ დოკუმენტში პირდაპირ წერია, კაცო, რომ ვეღარც ხმებს დავითვლით ცესკო-ში უცხოელების გარეშე, ვეღარც მოსამართლეებს დავნიშნავთ ჩვენი ნებით ჩვენს ქვეყანაში უცხოელების ჩარევის გარეშე და ვეღარც ანტიკორუფციულ სამსახურებს გავმართავთ ჩვენი ხალხის ნებისამებრ. ეს გვინდა ჩვენ? ამიტომ ესეც შესაცვლელია. ამიტომ ესეც გასაუქმებელია. და საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავისი, ღმერთისგან ბოძებული და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სუვერენული უფლებები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძემ ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გადადგომა ურჩია.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვართ რა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, მინდა, აქედან მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონო ბრძანდებით, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით, ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას – გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფოში არსებობს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, თქვენ ბევრის არაფრის უფლება გეძლევათ. მაგრამ გვაოცებს, რომ იმ უფლებების ფარგლებში მაინც, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, თქვენ არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს. მე არ ვიცი, თქვენ გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან უპრაგონოდ გამოშვება, თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა, ვილაპარაკო, თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მაგრამ მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ, კიდევ ერთხელ, კორექტულობის დაცვით – რადგან საზღვარი არ უჩანს ამ უბედურებას ჩვენს თავს, რადგან ყველაფერს, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს აქ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგცეს ბრძანება, რომ შეიწყალოთ ის ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ ჯობია, ქალბატონო სალომე, რომ დაანახოთ თქვენს ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამათ, ქე მაინც იმით, რომ გადადგეთ ამ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი თქვენი ქვეყნისა და ერის წინაშე“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება