სუსი – საქართველოს ხუთი მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას

220
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.  ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს. გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება