ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა მეგობრული შეხვედრა შარლ მიშელთან, საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა – დავით ზალკალიანი

204
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან არაფორმალურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რომლებიც შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

„ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რომლებზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში. იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგან რეფორმების მიმდინარეობა, მისი შესრულება არის პროცესი და ამ პროცესს ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით მომავალშიც. ყველა ძირითადი მიმართულება, რომელზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში, იქნება საბოლოოდ შესრულებული.

მოდით, ლოგიკურად მივყვეთ, რატომ არის ანულირებული შეთანხმება. ამაზე არაერთხელ იქნა გაცხადებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, „ქართული ოცნების“ პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან. შეთანხმება მაშინ ითვლება შეთანხმებად, როდესაც მისი ყველა ხელმომწერი ასრულებს მას. არგუმენტი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ განემარტა, იყო, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე საერთოდ არ შეუერთდა ამ შეთანხმებას. შეთანხმება მაშინ არის სრულფასოვანი, როდესაც მას ხელს აწერს შეთანხმების პროცესში მონაწილე ყველა მხარე და ეს იყო აბსოლუტურად დარღვეული. არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ იგივე მართლმსაჯულების რეფორმასთან, საარჩევნო კანონმდებლობასთან, ამნისტიასთან, ხელისუფლების პროცესთან დაკავშირებით, ასევე გარკვეულ კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებით, ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტები არის შესრულებული. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, იგივე რეფორმები ერთ დღეში, კვირაში და არც ერთ თვეში არ სრულდება. მუდმივი პროცესია, მუდმივად უნდა იყოს მუშაობა. ამისთვის მზაობა და თანმიმდევრულობა, რომ პროცესი იყოს ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, მკაფიოდ არის გაცხადებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გუშინ არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში კიევში შეხვდნენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება