IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობა არის მრავალმხრივი. არიან როგორც აქტიური დეპუტატები, რომლებიც ყოველმხრივ იყენებენ საკუთარ უფლებამოსილებას და არიან ნაკლებად აქტიური, რომლებიც მხოლოდ სეგმენტურად იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

მათიკაშვილის თქმით, პარლამენტის წევრის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება.

ამასთან, მათიკაშვილის თქმით, კვლევაში წარმოდგენილია პოზიტიური აქცენტები.

„მე-9 მოწვევის პარლამენტის ანგარიშზე შეიძლება ჩაიწეროს უამრავი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. პირველ რიგში, საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელმაც ქვეყნის საპარლამენტო მოდელად ჩამოყალიბება დაასრულა და ხაზი გაუსვა სწორედ საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობას საკონსტიტუციო დონეზე. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ რეგლამენტი, რომელმაც ხალსახად განსაზღვრა ის უფლებამოსილებები, რომელიც პარლამენტს გააჩნია ქვეყნის მართვის სპექტრში. ჩვენ რომ გადავხედოთ სტატისტიკას და ვნახოთ, თუ რა მაჩვენებლები იყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პარლამენტში მოსვლის, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე წინა მოწვევის პარლამენტებში, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი და პარლამენტი ახორციელებს ზედამხედველობას ხელისუფლებაზე იმ ბერკეტებით და მექანიზმებით, რომელიც როგორც საკონსტიტუციო დონეზე, ასევე რეგლამენტითაა მისთვის მინიჭებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია. ორგანიზაციამ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა, ანგარიში კი დღეს წარმოადგინა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება