IMG.GE IMG.GE

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდება ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც კი ფრენები განახლდება, ე.წ. მოძრავი მაღაზია განთავსდება და მოსახლეობა სასურველ პროდუქტს შეიძენს.

მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან თითქმის 500-მდე მოქალაქე უკვე გამოყვანილია.

„გუშინ, შუადღიდან უამინდობა იყო, რის გამოც სამწუხაროდ, ვერტმფერენებით გადაადგილება შეჩერებული იყო. თუმცა, მანამდე ინტენსიურად გრძელდებოდა მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდება. სტიქიის ზონაში თითქმის 700-მდე კალათა არის გაგზავნილი, ასევე გადმოყვანილია თითქმის 500-მდე მოქალაქე. ასევე, გუშინ ექიმები გადაიყვანეს იმ მიმართულებაზე, რომლებიც მოწყვეტილია გარესამყაროს, ეს არის სოფელი ჭიორა და სოფელი გლოლა. ახლა უკვე ადგილზე ექიმები იქნებიან და მოქალაქეებს მოემსახურებიან. პატარა და დიდ ღებს შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ასევე აღდგენილია ხიდი, და შესაბამისად, სამი სოფელი ჭიორა, ღები და პატარა ღები ერთმანეთთან უკვე დაკავშირებულია“, – განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

მისი განმარტებით, ამჟამად სტიქიის ზონიდან გადაუდებელ გამოყვანას არც ერთი მოქალაქე არ საჭიროებს. ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, მოქალაქეების სია შედგენილია და როგორც კი ფრენები განახლდება, მათი გამოყვანის პროცესი გაგრძელდება.

„რაც შეეხება იმ სოფლებს, სადაც ვერტმფრენის გარეშე ბაგირის მეშვეობით ხდებოდა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, ამ სოფლებში ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება სოფლებისთვის ე.წ. მოძრავი მაღაზიის გაგზავნის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს არის სტანდარტული პაკეტი და მოსახლეობას სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს. შესაბამისი გამოცდილება კოვიდ-19-ის დროს გვქონდა. ამიტომ, ე.წ. მოძრავი მაღაზიებით დავტვირთავთ ვერტმფრენს, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება, იქ რამდენიმე საათი გაჩერდება და შემდეგ ვერტმფრენითვე დავაბრუნებთ უკან. მოსახლეობას საშუალება ექნება, საჭიროებისამებრ შეიძინოს მედიკამენტი თუ პროდუქტები. ე.წ. მოძრავი მაღაზიები ამისთვის მზადა, ველოდებით ფრენების განახლებას“,- განმარტავს დავით ჩიკვაიძე.

მისი თქმით, ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, მანამდე კი, შესაძლოა მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს.

„რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებს, როგორიცაა ჭიორა, ღები, გლოლა და კურორტი შოვი, აქ სამწუხაროდ, ელექტროენერგია არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გუშინ ვერტმფრენებით გენერატორი გავგზავნეთ, რომ დროებით, რამდენიმე საათიანი გრაფიკით მაინც ჰქონდეს მოსახლეობას დენი. გარკვეულ გრაფიკზე ალბათ გადავალთ, მაგრამ ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ არის. ალბათ, დღეს ან ხვალ ჩაირთვება“, – განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE