IMG.GE IMG.GE

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ყველა ვერსიამ, რაც მედიაში გავრცელდა, უნდა იარსებოს და მოხდეს რეაგირება.

„ყველა ვერსიამ, რაც მედიაში გავრცელდა, უნდა იარსებოს და უნდა იყოს მომხდარი რეაგირება. ოჯახის პოზიციაა, რომ ბოლომდე იყოს გამოძიებული საქმე. შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის ნერვიულობის ერთ-ერთი პირობა მისი პროფესიიდან გამომდინარე ყოფილიყო. შესაძლოა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ ეცნობა საქმის მასალას, მიიღეს ორი დღის უკან და დიდია საქმის მასალა და ვერ მოასწრეს გაცნობა. ამდენი ხანი როგორ ვერ მიაღწიეს ამ მასალის ამოღება. დრონის კადრებთან დაკავშირებით გადმოცემაზე პასუხი არის, რომ არკვევენ. თვითმკვლელობაზე იყო პოზიცია, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია. ამაზე არ შეიძლება იყოს საუბარი ყველანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიება უშვებს ვერსიას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შესაძლოა, მის სამსახურს უკავშირდებოდეს.

„გამოძიება უშვებს, რომ შეიძლება, სამსახურიდანაც მომდინარეობდეს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მოტივაცია. ძალიან ვრცლად მიმდინარეობს. ახალი მარშუტი არსებობს, დღეს უნდა წავიდნენ. ეს მარშრუტი ჩემს მიერ იქნა მიწოდებული, რადგან არც ერთ შუამდგომლობაში არ არის ეს კამერები მითითებული, რომ იყოს ამოღებული. უნდა მოხდეს ამოღება და გადამოწმება, ხომ არ იყო ამ ლოკაციაზე. ყველა ვერსია შესაძლებელია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ ახალგაზრდა გოგო ამხელა გზაზე ძალინ გაურკვეველ სიტუაციაში გადაადგილდებოდეს, ასე იცვლიდეს ლოკაციებს. შუამდგომლობები არის ჩემი მხრიდან უამრავი, მათ შორის უამრავ კადრებთან დაკავშირებით, ასევე დრონის კადრებთან დაკავშირებით. მოთხოვნილია ჩემს მიერ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. დღეს იყო დაპირება, ბოლო შეთანხმება, რომ არანაირად არ უნდა მოხდეს მხოლოდ სიტყვებით ჰაერში დაპირებები და ცრუ ქმედებების განხორციელება, უნდა იყოს რეალური ქმედებები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE