IMG.GE IMG.GE

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ამომწურავად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

მისივე თქმით, დასახელებულ საქმეებზე გამოძიების ეფექტურად წარმართვის კუთხით, სამართალდამცველებს ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვთ.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო. გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ტრაგედიაა არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ოჯახების ერთადერთი მოლოდინი სრულყოფილი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებაა. სამართალდამცველებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ საქმეები ამომწურავად გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცენ.

თუ გვსურს ქვეყანაში მართლწესრიგი, დანაშაულის შემცირება, ამისთვის მნიშვენლოვანია, ორივე შემთხვევაში, მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელედეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია.

„მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართლდამცველებმა და გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. საზოგადოებისა და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, ხოლო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროში, საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი ნახეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE