IMG.GE IMG.GE

რეჟისორი გოგა ხაინდრავა გიორგი რურუასთან დაკავშირებით სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია სენატორ რიშის მხრიდან საქართველოში იმ ძალების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

„სენატორმა რიშმა, ჩემი აზრით, სახე დაკარგა, აბსოლუტურად დაივიწყა დიპლომატიური ეტიკეტი. როდესაც ნებისმიერ, მით უმეტეს შენი მეგობარი და სტრატეგიული, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავ, სიტყვა ქალბატონო მაინც უნდა გამოიყენო. ჩემთვის ძალიან სავალალოა, რომ ამაზე ლაპარაკი მიწევს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთადერთი დასაყრდენია.

„რომ არა მათი დახმარება, ჩვენ ამ გაცოფებულ სამეზობლოში ძალიან მძიმე დღე დაგვადგებოდა, მაგრამ არის რაღაცა ხაზები, რომლის იქით რიში იქნება, თუ ამერიკის პრეზიდენტი, ზრდილობას, დიპლომატიურ ეტიკეტს ნუ დაკარგავენ, ისე გველაპარაკონ, როგორც გვეკუთვნის და დავიმსახურეთ. ჩვენ არ ვართ კოლონია. თუ იქ პატივი უნდა სცე ფლოიდს, საქართველოში პატივი უნდა სცე საქართველოს პრეზიდენტს და არანაირი უფლება არ გაქვს, რომ მიმართო – სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლოს, შეიწყალოს ვიღაც. ვინ გეკითხება? შენ შეიძლება ეს მოსაზრება გქონდეს ან აზრი გამოთქვა, მაგრამ წერილი მისწერო და ელემენტარული ზრდილობა დაარღვიო, ეს უკვე ყველა ფარგლებს გარეთ გადის.

ჩემთვის გაუგებარია საქართველოში იმ ძალების მხარდაჭერა, მით უმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიც არის ბატონი რიში, რომლებიც პირდაპირ მოსკოვის ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, ეს ღიად ჩანს. მათი მხარდაჭერა პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, ხაინდრავამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მორაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და მის გარშემო შეკრებილი ადამიანები საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებენ.

ხაინდრავას შეფასებით, ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ საზოგადოებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. ხაინდრავას განცხადებით, დარწმუნებულია, ქართული საზოგადოების გონიერება ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება.

გარდა ამისა, გოგა ხაინდრავამ ვრცლად ისაუბრა ვიტალი შკლიაროვთან დაკავშირებითაც, რომელიც მინსკში დააკავეს და რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგი იყო.

„ორი დღის წინ ბელარუსში დააპატიმრეს ავადხსენებული სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ 33 წევრი. ეს არის ფეესბეს დაჯგუფება, რომელიც ამოფარებულია კერძო სამხედრო დაჯგუფების ნიღაბს. იღებს მონაწილეობას ლიბიაში, სირიაში. ყველგან, სადაც რუსულ ინტერვენციას და სამხედრო ჩარევას აქვს ადგილი,  არის  „ვაგნერი“. მინდა, გითხრათ, რომ უამრავი უბედურება დააწია უამრავ ხალხს, ამიტომ ყველასთვის ნათელია, რას წარმოადგენს ეს „ვაგნერი“. ისინი დაპატიმრებული არიან ტერაქტების მოწყობის მცდელობისთვის და არეულობის მცდელობით ბელარუსში. საყურადღებოა, რომ მათთან ერთად არის დაპატიმრებული ვიტალი შკლიაროვი.

ეს არის ცნობილი„ფეესბეს“ პოლიტტექნოლოგი. „ფეესბემ“ 2016 წლის არჩევნების დროს თავისი დესანტი ვიტალი შკლიაროვის ხელმძღვანელობით გადმოსვა აქ და ამ დესანტმა თავშესაფარი ჰპოვა. პრაქტიკულად, აქ უძღვებოდა საბჭოთა ჩეკისტის, საბჭოთა „კაგებეს“ თანამშრომლის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიური ორგანიზაციის ხელმღვანელის,  გაერთიანებული იპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბს.

მაშინ გაუგონარი რამ მოხდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, შკლიაროვმა ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის, ვთქვათ სალომე სამადაშვილის, კანდელაკის და დანარჩენ ვითომ „ევროპულ ძალებთან“ ერთად, შეძლო შეუძლებელი და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დაარწმუნეს იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა აგენტი, ხოლო რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, ჩეკისტი, „კაგებეშნიკი“ გრიგოლ ვაშაძე პროევროპელი პოლიტიკოსია.

მაგრამ არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს. სახარების ეს ცნება არის ძალიან კარგი და დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ბელარუსში, ზუსტად ისეთივე დავალებით არის გადასმული შკლიაროვი. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ევროპასაც გავაკვირვებთ ჩვენი დემოკრატიითო. მე საერთოდ დემოკრატიის დიდი მოტრფიალე არ ვარ, რადგან დიდი მითი მგონია. არანაირი დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს. მართლაც გავაკვირვეთ, იმიტომ, რომ ბელარუსმა ვერ გააკვირვა მსოფლიო და დააპატიმრეს ადგილზე. სამართლებრივად რამდენად დასააბუთებენ, ამას ვნახავთ, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან საყურადღებოა, რადგან არავისთვის დაფარული აღარაა, რას წარმოადგენს შკლიაროვი. ვფიქრობ, საქართველოსთვისაც არ უნდა იყოს დაფარული, რას წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ახლაც კენჭს იყრის ქუთაისში.

ეს არის საბჭოთა რუსეთის და რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ყველა ის ადამიანი, ვინც მის გარშემოა შემოკრებილი და ტერარიუმი, შალიკოს ფანჩატურში შეკრებილი, ამის ნათელი მაგალითი იყო, რადგან შუაში იჯდა გრიგოლ ვაშაძე, გვერდზე ეჯდა ბურჯანაძე და გვერდზე ეჯდა შალიკო ნათელაშვილი. აქეთ იჯდა ოქრუაშვილი და იქით უგულავა. მე ვფიქრობ, სურათი ნათელია და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, თუ ვის ინტერესებს ატარებს ეს ჯგუფი საქართველოში. წესით, გონიერ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება გონიერი საზოგადოებაა და ამას ოქტომბერში დავინახავთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება