IMG.GE IMG.GE

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ჩაკეტვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა, სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს კი, დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ აქციაზე მოსახლეობას არანაირი რეკომენდაცია არ ჰქონდა გათვალისწინებული, რაც ვირუსის გავრცელების კუთხით საშიშია.

„ვცდილობთ, ავუხსნათ ხალხს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, აუცილებელია პრევენციისთვის. გასვლას და სოფლის გახსნას ითხოვენ, რაც არ არის რეკომენდებული. ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მზად არიან, რომ ჩატარდეს დროული მასობრივი ტესტირება. რთულია, არ არის ადვილი, მართო ეს სიტუაცია, აქ არის რეგისტრირებული 5 ათასი ადამიანი, დიდი დასახლებაა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება