IMG.GE IMG.GE

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები, კოლეგები ძალიან სწორად აფასებენ საქართველოს პროგრესს, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით და მორიგი სტატიაც ჩვენი ევროპელი მეგობრის მხრიდან არის ამის ნათელი დადასტურება“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ გამოცემა The Parliament magazine-ის სტატიის „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“ კომენტირებისას.

სტატიის ავტორის, პოლონელი პოლიტიკოსისა და ევროპარლამენტის წევრის, რიშარდ ჩარნეცკის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, რომელიც არის „ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე”.

როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარი ხაზგასმით აფიქსირებს იმას, რომ საქართველო არის ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ძლიერი და წარმატებული დემოკრატია, და რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების სანდოობა და მორალური წონა ძალიან მაღალია.

„რა თქმა უნდა, იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, იმ მზარდი საფრთხეების ფონზე, რაც არსებობს რეგიონში, რაც არსებობს მსოფლიოში, საქართველო აგრძელებს უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას ევროატლანტიკურ გლობალურ უსაფრთხოებაში და, მიუხედავად იმისა, რა სახის გამოწვევების წინაშე იქნება მსოფლიო, აუცილებელია საქართველოს პარტნიორებმა როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში, ასევე ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც, გამოიჩინონ მაქსიმალური კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და მისი გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება