ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორსული კლინიკაში 27 ივლისს მოთავსდა და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დღეს დილით 30 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა.

საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის თქმით, 18 კვირის ორსული კლინიკაში 27 ივლისს შევიდა დელტა შტამის მსუბუქი ფორმით, თუმცა რამდენიმე კვირაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის მიუხედავად, დღეს დილით პაციენტი გარდაიცვალა.

„ჩვენთან შემოვიდა 27 ივლისს, უკვე დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით. ამ პერიოდისთვის იყო 18 კვირის ფეხმძიმე. თავდაპირველად შედარებით მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ დელტა შტამი განსაკუთრებული აგრესიულობით მიდის ფეხმძიმეებში. თავიდან მოთავსდა სამიანო გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ჩვენი ეროვნული პროტოკოლით დაიწყო თერაპიული მკურნალობა. რაღაც პერიოდის შემდეგ სისხლში ჟანგბადის შემცველობა დაეცა, საჭირო იყო უკვე გარედან ეგზოგენური ჟანგბადის მიწოდება. თავიდან იმუშავა ამ ტექნოლოგიამ, არ იყო განსაკუთრებული სიმძიმის პრობლემა, მაგრამ 12 აგვისტოდან ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი შეგვექმნა, როდესაც მას უკვე დასჭირდა უფრო მაღალი კონცენტრაციით ჟანგბადის მიწოდება. თავიდან მივიღეთ ის ფიზიოლოგიური შედეგი, ის ციფრები, რომლებიც გვინდოდა, რომ გვქონოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გოგონას რეზერვებმა ვერ მოგვცეს იმის საშუალება, რომ ბოლომდე გავსულიყავით სამშვიდობოს. ის დამძიმდა, 13 რიცხვში გადავიდა რეანიმაციაში, 16 აგვისტოს მოგვიწია სრულ ხელოვნურ მართვაზე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა. იყო ინდუცირებული კომა და მთლიანად ჩვენ ვმართავდით მის სასუნთქ სისტემას. ამას დაერთო ის, რომ 17 რიცხვში უკვე გავიგეთ ნაყოფის გარდაცვალების შესახებ, მონიტორმა აჩვენა. პაციენტს განუვითარდა მულტიორგანული დისპოქციის სინდრომი. ჩაერთო დიალიზზე, ანუ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. გაწეული ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დღეს გამთენიისას დაფიქსირდა მისი ბიოლოგიური სიკვდილი. გოგონა არ იყო აცრილი, მიგვაჩნია, რომ ამანაც ერთგვარი გავლენა იქონია, რადგან აცრილი პაციენტები ბევრად მარტივად, ეფექტურად უმკლავდებიან თუნდაც იგივე მძიმე დელტა შტამის მდგომარეობას“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ პაციენტი აცრილი რომ ყოფილიყო, მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

„თეორიულად და იმ ცოდნით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დიახ, შესაძლებელი იყო. ფეხმძიმეები ძირითადად ყველა აუცრელები მოდიან, ჩვენ არ გვყოლია აცრილი პაციენტი, რომელიც მივიდა ლეტალურ შედეგამდე. ყველა პაციენტი, რომელიც მოვიდა ორი აცრით, თუნდაც ერთი აცრის შემდეგ, გაეწერა სახლში. არ გვქონია რეანიმაციაში მოხვედრის არც ერთი ეპიზოდი. ჩატარებული არის კვლევები, იგივე „ფაიზერის“ შემთხვევაში, რომ ფეხმძიმეებში ეს აცრა არის მოწოდებული, მაქსიმალურად უსაფრთხოა.

იმუნიტეტის რაობა ცოტა რთული სათქმელია ამ შემთხვევაში, რაღაც უფრო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პოპულაციას ერჩის ეს დელტა, არანაკლებ, ვიდრე მოხუცებს. ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ისტორია. სამწუხაროდ, არც ის ქალბატონი იყო აცრილი. ფეხმძიმე გოგონებს, რომლებიც ავადდებიან დელტა შტამით, საკმაოდ რთული პროცესების გავლა უწევთ. რა თქმა უნდა, გვაქვს წარმატებული ისტორიებიც, ბევრი გავწერეთ, მაგრამ ზოგადად საკმაოდ არასახარბიელო მიმდინარეობა ახასიათებს ე.წ. დელტა შტამს“, – აღნიშნა ალექსი ვაჩაძემ. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ აცრისკენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მქონდა არაერთი კონტაქტი იგივე ჩემს ისრაელელ მეგობრებთან, სადაც გავიარე უკვე შემდგომი განათლება, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი იყო ჩვენთან, საქართველოში ჩამოსული და მქონდა მასთან სამედიცინო დონეზე საქმიანი ურთიერთობა. ისინი ამბობენ, რომ არც ერთ აცრილ პაციენტს მათთან არ დასჭირვებიათ რეანიმაცია. შეიძლება, რამდენიმედღიანი სუნთქვის გაუარესება ჰქონდეთ ფუნქციებში, მაგრამ ვინმე რომ გარდაცვლოდათ, ასეთი არ არსებობს. მე მახსოვს პირველი ტალღა, ისრაელში გახლდით მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გადაჭედილი იყო ჩვენი საავადმყოფო, ჰადასას სამედინიცო ცენტრი. იერუსალიმში არ ხდებოდა იმაზე ნაკლები, ვიდრე იტალიაში ვიხილეთ, მაგრამ დღესდღეობით ის რეანიმაციები, რომელშიც მაშინ დანარჩენ ჯგუფთან ერთად მქონდა ურთიერთობა, დღეს რეალურად დაცარიელებულია. ანუ, აცრა ნამდვილად ამცირებს პაციენტების ავადობის ხარისხს და გარდაცვალების ალბათობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დამტკიცებული სამეცნიეროდ და არანაირი კონსპირაციული რაღაც თეორიები, რომ ამ აცრას მოყვება უშვილობა ან რამე ეგეთი, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არც სამეცნიერო, არც არასამეცნიერო თვალსაზრისით და, ძალიან გთხოვთ, მოვუსმინოთ მათ, ვინც დღე და ღამეს ასწორებენ სამეცნიერო არგუმეტენტების მოპოვებაში, აკეთებენ ამას მაღალ ხარისხზე და არა მათ, ვინც საერთოდ არ იცის ამ მიმართულებით არაფერი“, – განაცხადა ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება