IMG.GE IMG.GE

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რესთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მათი ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ხაზი გაუსვეს მზარდ დინამიკას როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25 პროცენტით მეტი კორეელი ვიზიტორი ჩამოვიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.

„საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი – ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ ახორციელებს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ნენსკრა ჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის“ უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.

„კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და მზადყოფნა, რომ მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და კომპანია „ქეი უოთერის“ წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება