IMG.GE IMG.GE

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად,  მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

ახალ საწარმოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად  იმყოფებოდა.

„კოოპერაციულ საწარმოში ინვესტირებული თანხა ერთ მლნ ლარს აჭარბებს. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტს და გრანტს გულისხმობს, ქმნის რეალურ შესაძლებლობას ასეთი პროექტების განხორციელებისათვის“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება