თენგიზ ცერცვაძე – საწოლების რაოდენობა საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის

207
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

წამყვანი ქვეყნები-ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, ყველგან, სადაც პიკის პერიოდი იყო ასეთი მაღალი,ჯანდაცვამ ყველგან განიცადა კოლაფსი ან იყო კოლაფსის პირას. საქართველოს ჯანდაცვამ გამოიჩინა არაჩვეულებრივი მდგრადობა, რაც არ უნდა თქვან ოპონენტებმა, ტენდენციურმა, ჩასაფრებულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საველე ჰოსპიტალები რეზერვისთვის იხსნება.

„ამაზე მეტ გამოცდას რომ გაუძლოს ჩვენნაირი შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და თუნდაც არაშეზღუდული რესურსების ეკონომიკურმა ქვეყანამ, ამის პრეცედენტი ჯერ მსოფლიოში არ არსებობს. საველე ჰოსპიტალები იხსნება რეზერვისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება და კიდევ გეუბნებით, ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი. ვისაც უნდა შემეკამათოს, მაგრამ ეს არ არის უსაზღვრო. შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ჯანდაცვის სექტორის რესურსი ამოიწუროს. დღეს უკვე შვიდი ათასი ჰოსპიტალიზებულია და საწოლფონდი ყველა რესურსის მობილიზაციის შემდეგ არის რვა ათასი, ეს არის უზარმაზარი საწოლფონდი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის, სხვა ქვეყნები ამის მიახლოებულ მობილიზაციას ვერ აკეთებენ. ყველაფერს აქვს საზღვარი. რომ გაგრძელდეს კიდევ ორი კვირა, იმედი მაქვს, რომ არ გაგრძელდება, მაგრამ მაშინ ჩვენი ჯანდაცვაც კი ვერ გაუძლებს. ამიტომ, წინსწრებით იქნა მიღებული პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტალები. ჯერჯერობით გახსნია 500 საწოლზე, თუ მერე გახდა საჭირო, კიდევ გაიხსნება. ქვეყნის მთავარი პრობლემა არის, რომ როგორმე შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი და ამისთვის 14 რიცხვიდან შემოვიდა რეგულაციები, რომელიც მაინც არ სრულდება, მაინც ეწყობა ქორწილები, შეკრებები, იუბილეები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების, ჯანგბადის აპარატების და მედიკამენტების საკმარისი ოდენობაა.

„ამოეწურათ ოპონენტებს ყველა ჩივილის საშუალება. საწოლფონდიც საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, 750 სუნთქვის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და მათგან გამოყენებულია 350 ანუ ნახევარი. მედიკამენტის დეფიციტი არ ყოფილა. ჟანგბადის დეფიციტი არ ყოფილა, მაშინ როდესაც წამყვან ქვეყნებში უჟანგბადობით იხრჩობოდნენ პაციენტები. არაფრის ნაკლებობა არ ყოფილა. მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა, ჩვენ პესიმიზმს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, პირიქით, უნდა გამოვიჩინოთ არნახული სოლიდარობა, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის. ეს ყველაფერი გადაივლის. ჩემი აზრით, ორ კვირაში უკვე შედეგს მოგვცემს რეგულაციების შესრულებაზე გამკაცრება და ცოტა უკვე გვიან ვაქცინაციაც მოგვცემს თავის შედეგს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება