“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე არ ჯერდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და ითხოვს, რომ სანქცია დაედოს საქართველოს ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც უკრაინის გამარჯვებას უშლის ხელს.
„ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად რუსული ყაიდის ბოლო ოლიგარქია, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მთავარი ამოცანაა ოლიგარქის დასანქცირება. იგი ნაწილობრივ არის სანქცირებული, მათ შორის, შვეიცარიული ბანკის მიერ, რომელმაც მისი კაპიტალი საეჭვო კალათაში გადააგდო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამო არის იგი საეჭვო კალათაში.
ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა, უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას.
ეს არის ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი პოზიცია ექნება ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორს”– თქვა დეკანოიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
