IMG.GE IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ახლა უკვე ცენტრალური კრიმინალური პოლიცია გამოიძიებს. მას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია იძიებდა.

აღნიშნულ ფაქტს ოჯახის წევრები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს იყო ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ბაჩალიაშვილის ოჯახს ჰქონდა, თუმცა ასევე ამბობენ, რომ გამოძიებასთან ჯერ კიდევ კითხვები არსებობს და ისინი ამ კითხვებს მაშინ დასვამენ, როდესაც ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა ჭელიძეს შეხვდებიან.

“რადგან მოთხოვნა იყო ასეთი, ნდობის ხარისხზე მაინც ვერ მოგახსენებთ ამ ეტაპზე, მაგრამ ეს ნამდვილად ერთ-ერთი მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია. 18-ში გაუჩინარდა თამარი, 19-ში უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ძებნა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი დრონებით ძებნა არ მიმდინარეობდა. სწორედ აი ეგ ძირითადი კითხვა გვაქვს გამოძიებასთან, რატომ დაიწყეს გვიან?

მესმის, რომ 24 საათი უნდა გავიდეს, მაგრამ 24 საათი უკვე გადიოდა 18 საათიდან, დრონი მაშინვე დააფიქსირებდა იქ, სადაც მანქანა აღმოჩნდა. მაინტერესებს თამარი რატომ აღმოჩნდა უკანა სავარძელზე? თავისი ნებით იყო გადასული თუ არა? ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ფეხსაცმლის ნაკვალევიც უნდა დაერთოს, მართლა იქიდან გადავიდა თუ არა? რა დადგა სიკვდილის მიზეზი?” – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება